weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გუმათში დაკავებულ 8 პირს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა არ დაუმტკიცდა

22:33 ორშაბათი, 07 ივნისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის რვა მონაწილეს, რომლებიც პოლიციამ 27 მაისს წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა. აქტივისტებს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა არ დაუმტკიცდათ. რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ სამართალდარღვევის მცირე მნიშვნელობის გამო მათ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ზაალ გორგიძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მტკიცებულებების არ არსებობის გამო მიიღო. დაკავებულთაგან 4 პირს საიას იურისტები იცავდნენ.

27 მაისს, ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები, გუმათჰესთან აღმართულ რკინის კედელთან დააკავეს. ისინი რიონის ხეობაში შესვლას ხელებაწეული ცდილობდნენ, რათა ენახათ, შეჩერებული იყო თუ არა ჰესის სამშენებლო სამუშაოები. პოლიციამ მათ გადაადგილების საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიციას რვა ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაუკავებია, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულების სასამართლო პროცესი 28 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. მოსამართლემ მომდევნო პროცესამდე ყველა დაკავებული გაათავისუფლა.

რიონის ხეობის მცველებს, რომლებიც გიგანტური ნამახვანჰესის მშენებლობას შვიდ თვეზე მეტია აპროტესტებენ და მის შეწყვეტას ითხოვენ, ნამოხვანში 14 აპრილიდან აღარ უშვებენ. ბოლო ადგილი, სადამდეც მათ ქუთაისი-რაჭის გზაზე მისვლა შეუძლიათ, გუმათია. სწორედ გუმათშია აღმართული რკინის კედელი, რომლის ერთ მხარეს ყოველდღიურად ასობით პოლიციელი და სპეცრაზმელი დგას, მეორე მხარეს აქტივისტები იკრიბებიან და 26 მაისიდან, პროტესტის ნიშნად, მთელი ღამის განმავლობაში რკინის კედელზე აბრახუნებენ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და გამოძიება დაიწყოს იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ხელს აწერენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შესაძლო დანაშაულებრივ დოკუმენტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]