weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმების შემდეგ შუქრუთელებმა პროტესტი შეწყვიტეს

09:38 ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021
ფოტო ©️ Mtisambebi.ge  / შუქრუთი, ჭიათურა,​ 2021 წლის აპრილი ფოტო ©️ Mtisambebi.ge / შუქრუთი, ჭიათურა,​ 2021 წლის აპრილი

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომელთაც პირი ჰქონდათ ამოკერილი, შიმშილობა და პროტესტი შეწყვიტეს. წუხელ მათ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, სადაც აქციას 30 მაისიდან მართავდნენ.

ორი დღის განმავლობაში პროტესტის მონაწილეები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკებებს მართავდნენ. როგორც ერთ-ერთმა მოშიმშილემ, გიორგი ნეფარიძემ განაცხადა, შეთანხმებას მიაღწიეს.   

„ხელმოწერის შემდეგ შევწყვიტეთ პროტესტის უკიდურესი ფორმა შიმშილობა და სრულიად პროტესტი. ვბრუნდებით ჩვენს მშობლიურ სოფელში“, – ამბობს გიორგი ნეფარიძე, რომელსაც 11 მაისიდან პირი ჰქონდა მოკერილი.

შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმდნენ, რომ სოფელ შუქრუთში მანგანუმის მოპოვებით გამოწვეულ ზარალს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შეაფასებს.

შუქრუთის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია თებერვალში დაიწყეს. მათ კოროხნალის მაღაროსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, მოგვიანებით კი საწარმოს შესასვლელში ფარდული გააკეთეს. აქციის ხუთი მონაწილე პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის საფუძვლით 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ადგილობრივების პროტესტის გამო, მარტში მაღარო გაჩერებული იყო. „ჯორჯიან მანგანეზის“ მოთხოვნით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო და აქციის ოთხი მონაწილე საწარმოს მუშაობაში ხელის შეშლის მიზეზით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

11 მაისს პროტესტის სამმა მონაწილემ უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. მოგვიანებით მათ კიდევ ხუთმა ადამიანმა მიბაძა, რომელთაგან სამი ქალი იყო.

შუქრუთელები მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ, რათა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების გაგრძელება შეძლონ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი+“ მანგანუმს უკონტროლოდ მოიპოვებს, რის გამოც შუქრუთში სახლები ინგრევა, ეზოებში კი თვალუწვდენელი ღრმულები გაჩნდა და იქ ცხოვრება საშიში ან შეუძლებელია.

30 მაისს, პროტესტის მონაწილეებმა კოროხნალის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან გადმოინაცვლეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი მდგომარეობით არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ დაინტერესდა. შუქრუთელებმა დახმარება და ხელისუფლებასთან შუამდგომლობა აშშ-ს ელჩს სთხოვეს. ელჩმა კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ მოშიმშილეების წუხილი მოსმენილი და გაგონილი იქნებოდა.

4 ივნისიდან აქციის მონაწილეებს მშრალი შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული, რაც 7 ივნისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობისგან დიალოგის შეთავაზების შემდეგ შეწყვიტეს.

 

ამ თემაზე ვრცლად:

შუქრუთის გოდება - რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც მიწას ჩააქვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]