weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ეკლესიამ ყველაფერი მისცა, შეუტრიალდა და მას ჩივილი დაუწყო – მეუფე სპირიდონი სტუდენტზე

02:30 პარასკევი, 11 ივნისი 2021

სხალთელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს უნივერისტეტის სტუდენტს და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს, ლუკა ხაჩიძეს საპატრიარქოს უნივერსიტეტი დაატოვებინეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ძალადობის ფაქტების შესახებ ჩვენების მიცემის გამო სტუდენტს უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი დაატოვებინეს, პირველად სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გაავრცელა. იმავე დღეს, ეს ლუკა ხაჩიძემ მედიასთან დაადასტურა.

„საჯარო სივრცეში, მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს პირველკურსელი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ახალგაზრდა არის ლუკა ხაჩიძე, რომელიც პანსიონატში იქნა მიღებული რამდენიმე დღის. დედა ეკლესიამ ის გაზარდა, თავს ევლებოდა, არ აკლდა არაფერი - არც ჩასმა, არც დახურვა, არც კვება, უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით და შემდეგ სკოლა დაამთავრებინა დედა ეკლესიამ, მისცა იმდენი სწავლა-განათლება, რომ მოეწყო საპატრიარქოს უნივერსიტეტში, ხიჭაურში, წმინდა ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტში. ის პირველ კურსზე სწავლობდა.

ჩვენ გაოცებული ვართ, რამ აიძულა ეს ბავშვი და რამ შეუცვალა ასე გონება, რომ ასე მოიქცა. თურმე ურეკავდა ლომჯარიას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან ჰქონდა მოლაპარაკებები. საოცარია, გაოცებული და ძალიან შეწუხებულები ვართ“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მთავარეპისკოპოსის აზრით, ახალგაზრდებს ცნობიერებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და არასამთავრობო ორგანიზაციები უცვლიან.

„ჩვენ ვთვლით და ვაცხადებთ, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენაა ამ არასამთავრობოების, ლომჯარიების და მათი საზოგადოებების ზემოქმედება საზოგადოებაზე. აი, ასე უცვლიან ცნობიერებას.

ფაქტობრივად, რა გამოდის, ეკლესიამ ყველაფერი მისცა ბავშვს, შეუტრიალდა და ეკლესიას ჩივილი დაუწყო და მტრად გაუხდა. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ცნობილი გამოთქმა - დედას დავახრჩობ, გავგუდავ მამას რევოლუცია თუ მეტყვის ამას.

როგორც ჩანს, ასეთი თაობის შექმნას აპირებენ ეს საზოგადოებები. ერი ფეხზე უნდა დადგეს, რომ ასეთი თაობა არ მივიღოთ“, – თქვა მეუფე სპირიდონმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ბავშვების გადაბირება, რათა მათ ნინოწმინდის პანსიონი დაატოვებინონ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და მას სხალთელი მთავარეპისკოპოსი ხელმძღვანელობს. იქ მყოფ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 15 აპრილს, პანსიონის ადმინისტრაციამ, მეუფე სპირიდონის მითითებით, დაწესებულებაში არ შეუშვა სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომელთაც მონიტორინგის ჩატარება სურდათ. 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებიც ვერ შედიოდნენ. სააგენტომ ხელმძღვანელმა, მერი მაღლაფერიძემ დაადასტურა, რომ შესვლის პრობლემა ნამდვილად ჰქონდათ, რასაც პანსიონის ადმინისტრაცია პანდემიით ხსნიდა.

„იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვებზე მე ვარ პასუხისმგებელი ღვთის წინაშე და ვთვლი, რომ იმ დაწესებულების შეშვება ბავშვთა სახლში და ბავშვებთან მიშვება არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის წაბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს. იქ ორი ეკლესიაა და თითქმის ყოველდღიური წირვებია. ამდენი ბავშვები იზრდებიან უკვე 17 წელიწადია იქ. ისინი ჩემი შვილები არიან და ამ წაბილწულ და გარყვნილ ხალხს საჯიჯგნად ვერ მივცემ“, – განაცხადა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა.

7 მაისს, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფოს დაავალა, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების პანსიონში შესვლა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო, თუმცა ეს მოთხოვნა ხელისუფლებამ არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

3 ივნისს, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა პანსიონის მოქმედი და ყოფილი აღსაზრდელების ინტერვიუები, სადაც მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საუბრობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს. შსს-ში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ შემთხვევებს იძიებენ.

5 ივნისს, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელი და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით დროებითი განჩინება მიიღო. განჩინებით ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყონ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაყვანა. რაც შეეხება სხვა ბავშვებს, მოსამართლემ მიუთითა, რომ მათთან მიმართებაში PHR-ს არ გააჩნია უფლებამოსილება, წარადგინოს შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე. მოსარჩელე მხარე, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, მიიჩნევს, რომ დროებითი განჩინება პანსიონში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან მოსამართლემ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში ზოგადად არსებული მდგომარეობა. საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

პანსიონში ბოლო სრულფასოვანი მონიტორინგი 2018 წელს ჩატარდა. სახალხო დამცველის განცხადებით, წინა წლების მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები. სახალხო დამცველი ამბობდა, რომ პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტობრივად იზოლირებულები იყვნენ სოციუმიდან და პრობლემური იყო მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]