weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვგმობთ სახალხო დამცველისთვის ხელის შეშლას – გაერო ნინოწმინდის პანსიონზე

17:46 პარასკევი, 11 ივნისი 2021
ფოტოზე - გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საბინე მახლი ფოტოზე - გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საბინე მახლი

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას, ასევე, სახალხო დამცველის აპარატისთვის ხელის შეშლას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზრუნველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, უფლებების განხორციელება და განვითარება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მიერ.

საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური ერთეულის შეზღუდვა, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ამგვარად, ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას (გაეროს წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის შესაბამისად)“, – აცხადებს გაეროს სააგენტოთა ჯგუფი.

ამასთან, ორგანიზაცია ეხმაურება სასამართლოს გადაწუვეტილებას პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების გაყვანასთან დაკავშირებით და გამოთქვამს იმედს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე, ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად.

„დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაყვანისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაო ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამასთანავე, ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა მონაწილე მხარეს, რომ დეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივი სცენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად.

ბავშვის უფლებათა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც მიღებულ იქნა 2019 წლის 18 დეკემბერს გაეროს ყველა 193 წევრი ქვეყნის, და მათ შორის საქართველოს მიერ, კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას დეინსტიტუციონალიზაციაზე და ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის ალტერნატიული ზრუნვის უზრუნველყოფაზე, რომელიც ოჯახსა და თემზე იქნება დაფუძნებული.

სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მყისიერი და მკაცრი ზომების გატარება დეინსტიტუციონალიზაციის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა მოვლის სერვისების გაუმჯობესებას და ოჯახისა და თემის მხარდამჭერი ალტერნატიული მომსახურებების გაძლიერებას.

ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ შეიქმნას სათანადო მექანიზმი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობას გაუწევს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთანავე, ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები. გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სასურველია, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი სოციალური მუშაკებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისგან (ფსიქოლოგებისა და თერაპევტების ჩათვლით), იმისათვის, რომ ბავშვებმა სრულფასოვანი დახმარება მიიღონ.

ასევე აუცილებელია სპეციალური ძალისხმევა ოჯახის მხარდაჭერი მექანიზმებისა და მათ შორის, ბავშვთა დაცვის სისტემის და სოციალური უზრუნველყოფის პროცედურების გაუმჯობესებისთვის.

და ბოლოს, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებების კონსტიტუციური მანდატის განხორციელებაში შესაძლო ჩარევის აღმოსაფხვრელად და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ბოლოდროინდელი მოთხოვნის შესასრულებლად.

ბავშვზე ზრუნვის ყველა დაწესებულებაში სისტემური გამოწვევების დაძლევის მიზნით, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განაგრძობს მუშაობას სამთავრობო ინსტიტუტებთან, სახალხო დამცველთან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველა დაინტერესებულ რელიგიურ კონფესიასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. მას სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს, რომელიც პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებს. მიმდინარე წელს პირველად ასეთი შემთხვევა 15 აპრილს დაფიქსირდა.

7 მაისს გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლითაც საქართველოს დაევალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. სახელმწიფომ გაეროს კომიტეტის მოთხოვნა არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

3 ივნისს, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა პანსიონის მოქმედი და ყოფილი აღსაზრდელების ინტერვიუები, სადაც მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საუბრობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს. შსს-ში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ შემთხვევებს იძიებენ.

პანსიონის ხელმძღვანელი მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ პანსიონში მყოფი ბავშვების სული მას აბარია და მიიჩნევს, რომ ბავშვებთან სახალხო დამცველის მიშვება უმძიმესი დანაშაულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]