weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოზიციების დაფიქსირების შემდეგ გამოიკვეთება დაიწყება თუ არა მედიაცია – გოლეთიანი

20:22 პარასკევი, 11 ივნისი 2021

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით მედიაციის პროცესი ხვალ, 12 ივნისს არ იწყება. როგორც ის განმარტავს, ხვალ იქნება პირველი შეხვედრა, სადაც მხარეები პოზიციებს დააფიქსირებენ, რის საფუძველზეც გადაწყდება, იქნება თუ არა მედიაცია შესაძლებელი.

ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ნატახტარში და იქ დილის 9 საათზე მივლენ.

„ხვალ არის პირველი შეხვედრა. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მედიაცია არ იწყება ხვალ. უბრალოდ, მხარეები დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს. იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლების ჩართულობით იწყება პროცესი, თუმცა იმისთვის, რომ საკითხი უკვე მედიაციის ნაწილში გადავიდეს, ამას სჭირდება, რომ პირველი შეხვედრა გაიმართოს, სადაც ორივე მხარე პოზიციებს დააფიქსირებს. ამის შემდეგ გამოიკვეთება შესაძლებლობა იმისა, დაიწყება თუ არა მედიაცია.

საზოგადოებამ იცი, ჩვენ რა პირობები გვქონდა დაყენებული და რა თქმა უნდა, ამ ნაწილში უკომპრომისოები ვართ. პირობები აუცილებლად უნდა შესრულდეს. ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამს თავად ხელისუფლება“, – განაცხადა გოლეთიანმა ჟურნალისტებთან.

დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათელა თურნავამ თქვა, რომ ხვალიდან მხარეები მედიაციის მაგიდასთან გადაინაცვლებენ. მას არ დაუკონკრეტებია, თავადაც მიიღებს პროცესსი მონაწილეობას თუ არა.

მედიაციის პროცესში ჩასართავად საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე მოიწვია. ბუშლესთან ერთად ამავე გაერთიანების გარემოს დაცვის ექსპერტ ალექსანდრა ბუჯაროსკა იმუშავებს. დაგეგმილია ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით აქამდე მიღებულ ყველა დოკუმენტსა და გატარებულ პროცედურას განიხილავს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან მიმართებაში.

რამდენიმე დღის წინ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მედიატორსაც იგივე მოთხოვნები აქვს, რასაც ორი თვის წინ საპროტესტო მოძრაობის ლიდერები აყენებდნენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების წინაპირობად, თუმცა მათ დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები რიონის ხეობაში გიგანტური ნამახვანჰესის მშენებლობას შვიდ თვეზე მეტია აპროტესტებენ. ისინი ითხოვენ უარი ითქვას ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებაზე, ინვესტორი კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და გამოძიება დაიწყოს იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ხელს აწერენ ნამახვანჰესთან დაკავშირებით შესაძლო დანაშაულებრივ დოკუმენტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]