„ნიუს ჰოსპიტალსის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კლინიკაში ხუთი ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან ერთს მრავალი ორგანოს დაზიანება აღენიშნებოდა და გული ჰქონდა გაჩერებული. ექიმის თქმით, ხანგრძლივი რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმების გამო, ის გარდაიცვალა.
„ოთხ ადამიანზე ახლა მიდის აქტიური მუშაობა. მათგან ერთი ბავშვია, რომელსაც მოტეხილობები აღენიშნება. ზოგიერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ზოგიერთის – საშუალო სიმძიმის“, – განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა.
ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი დიმიტრი ლორთქიფანიძე გახდა, რომელიც Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ სატვირთო მანქანა სავარაუდოდ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე მუშაობდა.