„განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. რა თქმა უნდა, განიხილება შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების თაობაზე იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ასეთი ე.წ. მწვანე საშვი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის.
15 მარტიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 212 163 ადამიანმა გაიკეთა, მათგან სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია – 69 197.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირებს განეკუთვნებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირები, სამედიცინო პერსონალი, მცირე საოჯახო ტიპის სახლების, ბავშვთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები, დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, საკარანტინე სივრცის მომსახურე პერსონალი, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები, ის მოსამსახურეები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან, ე. წ. მოლებში მომუშავე პირები და ა.შ.