თავად პანსიონის თანამშრომლებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.
„19 აღმზრდელი დარჩება ამ ეტაპზე და მერე შევხედავთ. თუ იცით შრომითი კოდექსი, გადარჩევა მოხდება შემდეგ. ახლა, დროებით მიდიან შვებულებაში. გადავხედავ სიტუაციას – ვინც უნდა დარჩეს, დარჩება, ვინც არ უნდა დარჩეს – არ დარჩება.
საკადრო გადაწყვეტილება რასთან უნდა იყოს დაკავშირებული? ერთი – ამდენი ბავშვი გაიყვანეს და საჭიროება აღარ არის. ეს აუცილებლად იქნება და მეორე – თუ ვინმეს რაიმე დარღვევა ექნება, თავზე ხელს არ გადავუსვამ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
როგორც მან აღნიშნა, მის გადაწყვეტილებაში არ ჩაერევა არც პატრიარქი და არც პანსიონის ყოფილი მმართველი, მეუფე სპირიდონი.
5 ივნისს, სასამართლომ დროებითი განჩინება მიიღო, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ გადაეყვანათ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განჩინება პანსიონში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან მოსამართლემ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში ზოგადად არსებული მდგომარეობა. საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და ის გაასაჩივრა.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, დროებითი განჩინების მიღების შემდეგ, პანსიონიდან 20 ბავშვი გაიყვანა, რომელთაგან 7 შშმ პირია. არასრულწლოვნები ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში არიან განთავსებული, როგორიც არის ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა.
ბოლო მონაცემებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 23 არასრულწლოვანი რჩება.