მათი ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის მკვიდრმა, ლაშა ხეთერელმა სასჯელის ვადა მოიხადა და ამასთან დაკავშირებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ის ქართულ მხარეს გადასცა.
„საქართველოს მოქალაქე 2020 წლის 30 ივნისს, ცხინვალის რაიონში, ოტრევის დასახლებული პუნქტის შემოგარენში სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს. ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, – აცხადებს ე.წ. კომიტეტი.
მათივე ცნობით, ლაშა ხეთერელი არაერთხელ იქნა დაკავებული ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, დაექვემდებარა ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რასაც „რესპუბლიკიდან“ გაძევება მოჰყვა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.
„განვაგრძობთ მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, – აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ლაშა ხეთერელი ლიახვის ხეობიდან დევნილია და ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს. ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ის 2019 წელსაც იყო დაკავებული.
ცხინვალის ციხეში ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი.