weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რაზე შეთანხმდნენ მეუფე იაკობი და ნინო ლომჯარია

15:33 ხუთშაბათი, 17 ივნისი 2021

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალ დირექტორს, ბოდბელ ეპისკოპოს იაკობსა და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა შედგა. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, მომდევნო კვირის ბოლოს პანსიონში ერთად შესვლაა.

როგორც ნინო ლომჯარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის და მეუფე იაკობი ბავშვთა ინტერესებთან დაკავშირებულ ბევრ საკითხზე თანხმდებიან.

„ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, ისე განვითარდება მოვლენები, როგორც საჭირო იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის.

ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ.

მინდა, მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და არ იყოს მტრულად განწყობა იქ მყოფი პირების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს და ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები, დაიწყებენ იქ ვითარების შესწავლას, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება ბავშვთა პანსიონის მცირე დაწესებულებად გადაკეთებას, სახალხო დამცველის თქმით, საუბარია არსებითად ახალი ტიპის საცხოვრებლებზე.

„ზოგადად, მსოფლიოშიც, ევროპაშიც რელიგიურ დაწესებულებებს აქვთ და მათი მფარველობის ქვეშ არსებობს თავშესაფრები – ბავშთა იქნება ეს, მოხუცთა თუ შშმ პირთა. ამიტომ, ეს აპრობირებული პრაქტიკაა. მთავარია, რომ ეს სახლები შეესაბამებოდეს სტანდარტებს და იქ იყოს პერსონალი, რომელსაც შეუძლია ბავშვებთან მუშაობა, იყოს გამჭვირვალე და ღია.

რაც შეეხება გადაკეთებას, უკვე სამომავლო განხილვის თემაა ტერიტორიაულად სად შეიძლება იყოს, თუმცა საუბარია არსებითად ახალი ტიპის საცხოვრებლებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად, ბავშვები ვინც იქ არიან, ყველა წავლენ. დარჩენილი ბავშვების საჭიროებები შეფასდება და ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც მათი საჭიროებებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მეუფე იაკობის თქმით, შეხვედრისას „მტყუან-მართალზე“ არ უსაუბრიათ, ცდილობენ, ბავშვთა საუკეთესო ინტერესები გაითვალისწინონ და მალე დაასრულონ დაძაბულობა.

„რაც შეეხება თანამშრომლებს, თუ ვინმეზე, ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რაიმე, არ ვარკვევთ ბავშვი მართალია თუ მტყუანი, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან. ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან ისინი, ვისთანაც პრეტენზია არ არის. ზოგთან გვქონდა პრეტენზიები.

ასეთი დიდი დაწესებულებები არ შეიძლება, იმიტომ მიდის შეცვლის პროცესი. 2022 წლის 1-ელ აპრილამდეა ლიცენზირებული ეს დაწესებულებები. მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის, უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევცვლით“, – თქვა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, ნინოწმინდაში, თუმცა არა პანსიონის ტერიტორიაზე ახალი ტიპის ბავშვთა სახლები გაკეთდება.

„ჩვენი კანონმდებლობით, შეიძლება 10-მდე ბავშვი იყოს ასეთ დაწესებულებაში, მაგრამ როცა გვქონდა საუბარი საქართველოში UNICEF-ის მისიის წარმომადგენელთან, ბატონ ღასანთან, მან ბრძანა, რომ მსოფლიო სტანდარტია 6 ბავშვი. ამიტომ ჩვენ მსოფლიო სტანდარტით წავალთ. ჩვენ ძალიან კარგი ბავშვთა კანონი გვაქვს და 10-დან 6-მდე ჩვენთანაც ჩამოვა“, – განაცხადა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორმა.

ბოლო მონაცემებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 23 არასრულწლოვანი რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]