weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს რიონის ხეობაში გადაადგილების საშუალება არ მისცეს

11:19 პარასკევი, 18 ივნისი 2021
ნამახვანჰესის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის 234-ე ღამე / სოფელი გუმათი ნამახვანჰესის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის 234-ე ღამე / სოფელი გუმათი

მოქალაქეებმა, რომლებიც ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, წუხელ სოფელ გუმათიდან ნამოხვანის, ტვიშის და ცაგერის მიმართულებით წასვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა კვლავ არ გაატარეს. პოლიციის უფროსის მოადგილემ, კოკა მაისურაძემ მათ განუმარტა, რომ აქციის ფარგლებში გადაადგილების საშუალებას ვერ მისცემდნენ.

„ხუთი მოქალაქე ვაპირებდით გადაადგილებას და პოლიციამ გაგვიწია წინააღმდეგობა. რკინის ჯებირები აღებულია, მაგრამ ის პოლიციის მატებით შეიცვალა“, – განაცხადა ზაალ გორგიძემ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, მაკა სულაძის თქმით, ხელისუფლებამ რკინის ბარიკადების აღებით მოქალქეები მოატყუა.

„რადგან ბარიკადები მოიხსნა, ხალხი გახარებული მოვიდა, გვაქვს განცდა, რომ მოიხსნა თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და მოგვინდა, რომ ხეობაში გაგვეარა თავისუფლად. აღმოჩნდა, რომ ბარიკადების მოხსნა თვალში ნაცრის შეყრა ყოფილა და მეტი არაფერი“, – აღნიშნა მაკა სულაძემ.

რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაციის მიზნით ბარიკადების აღება და პროტესტის მონაწილეებისთვის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები ამბობენ, რომ მხოლოდ ბარიკადების აღებით პირობა არ სრულდება.

„ფორმალურად ბარიკადი იქნა აღებული, თუმცა შინაარსობრივად ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. ჩვენ ისევე არ გვეძლევა გადაადგილების საშუალება, როგორც ადრე“, – ამბობს მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.

მისივე თქმით, გუშინ, ბარიკადების აღების შემდეგ ხეობაში შესვლა ნამახვანჰესის მშენებლი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ ავტომობილმა სცადა, რასაც მათი პროტესტი მოჰყავა.

„თუკი ჩვენ მოგვეცემა გადაადგილების და ნამოხვანში დაბრუნების საშუალება, ბუნებრივია, კომპანიაც შეძლებს, რომ გაიაროს. შემდეგ ჩაინიშნება შემდეგი შეხვედრა და იქ ვისაუბრებთ სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით.

ეს იყო გეგმა, რასაც ყველა უნდა მივყოლოდით, თუმცა გეგმა ხელისუფლების და კომპანიის მხრიდან დარღვეულია, ანუ რეალურად, ჩვენ არ მოგვეცა გადადაგილების შესაძლებლობა, დაკმაყოფილდა მხოლოდ ბარიკადების აღების პირობა და თითქოს დაგვევალდებულა, რომ ჩვენ უნდა გავატაროთ კომპანია. რომ ვუთხარით, რომ ასე ვერ გაივლიდა და უკან გავაბრუნეთ, მათი მხრიდან მოჰყვა სპეკულაციები, თითქოს არ ვასრულებთ იმ პირობებს, რაზეც შაბათის შეხვედრაზე შევთანხმდით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს გაიმართბა ონლაინ შეხვედრა იმ პირების მონაწილეობით, ვინც შაბათის შეხვედრას ესწრებოდნენ და იმ შემთხვევაში, თუ ყველა პირობა არ დაკმაყოფილდება, დიალოგისკენ ნაბიჯი ვერ გადაიდგმება.

შაბათს, 12 ივნისს, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარის, დირკ ბუშლეს მედიატორობით, მთავრობის წარმომადგენლებსა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის შეხვედრა გაიმართა. ცხრასაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები სამ ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაცია იყო. ეს გულისხმობს ხეობაში პოლიციის მიერ შექმნილი ბარიერების მოხსნას და პროტესტის მონაწილეებისთვის გადაადგილების კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფას, რათა მათ მშვიდობიანი პროტესტი გააგრძელონ. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ დაკავებული დემონსტრანტების შესახებ პროკურატურა დასკვნას გამოაქვეყნებს.

„შესაბამისი ზომების მიღება უპირველეს ყოვლისა მთავრობის ვალდებულებაა. მან პირობა დადო, აიღოს არსებული ბარიერები და მთავარ გზაზე წვდომა დაუშვას. ის ასევე გაავრცელებს ანგარიშს დაკავებულების შესახებ. პროტესტის მონაწილეებმა, თავის მხრივ, დადეს პირობა, რომ არ დაბლოკავენ სამშენებლო ადგილთან მისასვლელს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება“,განაცხადა დირკ ბუშლემ 15 ივნისს.

დეესკალაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, მხარეებს შორის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, სადაც „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიონის ხეობაში სამუშაოების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]