weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას – პროკურატურა ტვ პირველზე გასულ ჩანაწერებზე

16:00 პარასკევი, 18 ივნისი 2021

პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგები წარმოადგინა. საქმე ეხება გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი გასულ სიუჟეტში გამოყენებულ ჩანაწერებს, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები ისმის.

გამოძიების შუალედური დასკვნის თანახმად, აუდიოჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია, მრავლობითად აღენიშნება რედაქტირების კვალი, აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად და შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია შეცვლილი, დაინტერესებულ პირთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ტელეკომპანია „პირველს“ გამოძიებისთვის ე.წ. ფარული ჩანაწერების დაუმუშავებელი ვერსია მისი ავთენტურობის დადგენის მიზნით, ამ დრომდე არ გადაუცია და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ფონოსკოპიური ექსპერტიზა ეთერში გასულ ჩანაწერებს ჩაუტარა.

„ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ 2021 წლის 06 მარტს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიოჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით. მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიო ჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები.

ბუნებრივია, რომ სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისას, სხვადასხვა მიზნით, გარკვეული აუდიო თუ ვიდეო მასალა შესაძლოა დამზადდეს მონტაჟის გზით, ისე რომ არ იცვლებოდეს მისი რეალური შინაარსი. თუმცა,

მოცემულ შემთხვევაში, აუდიოჩანაწერების მონტაჟის შედეგად, შერჩევითი ფიქსაციის გზით, მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე სიტყვები და წინადადებები. მონტაჟის პროცესში, გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოთქმული წინადადებები, სიტყვები, ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი.

საერთო ჯამში, მონტაჟის ავტორთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიოჩანაწერების მისაღებად, ჩანაწერებში, მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას.

ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიოჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს.

მონტაჟის პროცესში ამავდროულად გამოყენებულია პროგრამული იმპულსები, რომლებიც მეტყველების ნაწილის გარჩევას შეუძლებელს ხდის, ზოგ შემთხვევაში კი ახდენს ბგერების დამახინჯებას. მსგავსი მანიპულაციების ფონზე, მოსაუბრეთა მიერ რეალურად წარმოთქმული სიტყვებისგან მიღებულია დაინტერესებულ პირთათვის სასურველს მიმსგავსებული სიტყვები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ექსპერტიზით დასტურდება, რომ მონტაჟის შედეგად, სასურველი შინაარსის მისაღებად გამოყენებულია მოსაუბრეთა მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული არა მხოლოდ წინადადებები და სიტყვები, არამედ ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი.

ერთ-ერთ ასეთ ფაქტს წარმოადგენს მოდელირების კონკრეტული მაგალითი, სადაც აუდიოჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის საუბარში ნახსენებ სიტყვებზე დაყრდნობით - „დაგირეკავენ მინისტრები“, ვითარდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერები დამზადებული იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში, რადგან გავრცელებული ჩანაწერის თანახმად თითქოსდა დიალოგისას ნახსენები იყო სიტყვა - მინისტრები.

ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ აუდიო ჩანაწერებში სიტყვა „მინისტრები“ საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები „მილი“ და „სტები“, ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა მილი-სტები“, – აცხადებს გენერალური პროკურატურა.

ამასთან, პროკურატურამ დაადგინა, რომ ღარიბაშვილს, ივანიშვილსა და ჩუბინიძეს წინა ხელისუფლების დროს, 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში ფარულად, უკანონოდ უსმენდნენ.

პროკურატურა აცხადებს, რომ საქმის გამოძიების პროცესში უკვე გამოიკითხნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ან/და სხვაგვარად იყვნენ დაკავშირებული ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო მოსმენებთან.

მოწმეებმა დაადასტურეს 2011-2012 წლებში დასახელებულ პირთა მიმართ სატელეფონო მოსმენის ფაქტი და ამავე დროს თემატურად და ფრაგმენტულად გაიხსენეს საჯაროდ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში მოსაუბრე პირთა შორის წარმოებული დიალოგები.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის, მათ შორის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილის მიმართ დაიწყო შავი პიარის მასიური კამპანია, რასაც თან ახლდა საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი განცხადებების თუ შეტყობინებების გავრცელება. უსაფრთხოების მიზნით, მუქარის შემცველი შეტყობინებები დაცვის სამსახურს გადაეცემოდა, რომელსაც ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა. დაცვის სამსახური ამოწმებდა კონკრეტული ინფორმაცია იყო თუ არა რეალური საფრთხის შემცველი.

გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხა ყველა ის პირი, რომელთა იდენტიფიცირებაც გამოძიებამ შეძლო ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ჩანაწერების გამოყენებით.

დადგინდა, რომ 2011 წელს მუქარის შემცველი შეტყობინებების გადამოწმების მიზნით, ბერა ივანიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, შეტყობინების ავტორებს ორ შემთხვევაში შეხვდნენ და გაესაუბრნენ.

შეხვედრა შედგა მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორების საცხოვრებელ მისამართზე, მათივე მშობლების და მეზობლების თანდასწრებით. შეხვედრისას არანაირ ძალადობას, მუქარას, იძულებას ან სხვა დანაშაულის ნიშნებს ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებს პროკურატურა.

გენერალური პროკურატურა კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]