weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად – შს მინისტრის მოადგილე „ღირსების მარშზე“

19:55 პარასკევი, 18 ივნისი 2021

პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, თუკი იგი არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს. ამ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ თბილისში, 5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით.

დარახველიძის თქმით, შსს-ს წარმომადგენელი უკვე შეხვდა მარშის ორგანიზატორებს და რისკების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩართულობით გაიმართა შეხვედრა, სადაც ჩვენი წარმომადგენელიც მონაწილეობდა და განხილული იყო აღნიშნული საკითხი. ჩვენ მივაწოდეთ იმ რისკების შესახებ ინფორმაცია, რაც აღნიშნული ღონისძიების – „ღირსების“ მარშის გამართვას უკავშირდება. მათი მხრიდან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იყო გაცხადებული, რომ ისინი არ განიხილავენ ღონისძიების არც ლოკაციის შეცვლასა და არც რაიმე ტიპის მოდიფიცირებას“, – განცხადა შს მინისტრის მოადგილემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დღეს სახალხო დამცველს მოუსმინეს.

მანამდე სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია გამოვიდა და სახალხო დამცველს მიმართა, მოუწოდოს შსს-ს, რომ „ღირსების მარში“ ჩატარდეს ღირსეულად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე.

„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ არ უნდა დართონ ნება „ღირსების მარშის ჩატარებასთან დაკავშირებით. ერთია, რომ პარლამენტის წევრს და წამყვანი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს არ ესმის, რას მოითხოვს კონსტიტუცია, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ, გააჟღეროთ მოწოდება, რომ შსს-მ და ყველა უწყებამ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გააცნობიეროს, რომ ღირსების მარშის ჩატარება უნდა უზრუნველყონ ღირსეულად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე და მოძალადეებს მიუჩინონ ადგილი“, – განაცხადა კორძაიამ.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ბოლო წლებია, ლგბტ თემსა და მის მხარდამჭერებს ექმნებათ პრობლემები საკუთარი კონსტიტუციური უფლების – გამოხატვის, შეკრების თავისუფლების განხორციელებაში. ლომჯარია მიიჩნევს, რომ შსს-მ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, ამდენი წლის განმავლობაში რა გააკეთა იმისთვის, რომ საფრთხეები იყოს დაზღვეული.

„არ შეიძლება, ყოველწლიურად გვესმოდეს, რომ არსებობს საფრთხეები. თუ საფრთხეები არსებობს, უნდა გვესმოდეს, რას აკეთებენ სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქეების შეკრების თავისუფლებისთვის“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

Tbilisi Pride-ი ღირსების მარშს გამართავს „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც პირველი ივლისიდან დაიწყება. წელს მარშის სლოგანია „გამოდი სოლიდარობისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]