weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასამართლო „ბათუმი რივიერას“ მშენებლობის ნებართვის შეჩერებას ხელახლა განიხილავს

11:33 ოთხშაბათი, 23 ივნისი 2021

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება „ბათუმი რივიერას“ მშენებლობის ნებართვის მოქმედებასთან დაკავშირებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხი საქალაქო სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს.

საიამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე სასამართლოში სარჩელი 22 იანვარს შეიტანა და მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერებაც მოითხოვა. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რაც საიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასააჩივრა.

საიას მიაჩნია, რომ ნებართვის მოქმედების შეჩერებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა განხორციელდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით და იგნორირებულია ფუნდამენტური პრინციპები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება და საჯაროობა.

„სამშენებლო ნებართვა გაცემულია იმ პირობებში, რომ არაა ჩატარებული გარემოზე ზემოქმედების და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშები, შესაბამისად, შეუსწავლელია განსახორციელებელი პროექტის გავლენა გარემოზე, ბულვარზე, ზღვაზე, სანაპიროზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე.

ეს იმ პირობებში, რომ სამშენებლო საქმიანობის წარმართვა იგეგმება ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ზღვის სანაპირო ზოლში. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბათუმის ისტორიული ნაწილი ფაქტობრივად კარგავს კავშირს ზღვასთან“, – აცხადებს საია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმის მასალების გაცნობის შემდგომ უმეტესად გაიზიარა მათი მოსაზრებები და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საკითხი დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით განჩინებაში არ არის შეჩერებაზე უარის თქმისთვის აუცილებელი კონკრეტული და დამაჯერებელი მოტივები მითითებული, ამასთან, შეფასების გარეშეა დატოვებული მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ნორმის აბსტრაქტული ანალიზია შემოთავაზებული.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების პირობებში აუცილებელი იქნება მოსარჩელის, მოპასუხის და მესამე პირის ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. საქმეზე დადგენილი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ზემდგომმა ინსტანციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, აქტის მოქმედების შეჩერება განხორციელდეს არა სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე, არამედ - პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე“, – აცხადებს საია.

2019 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ ბათუმის საკრებულომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში - იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე პროექტში მითითებულ 9.7 ჰა ტერიტორიაზე, დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა. გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლებელი ხდება არაერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა.

მრავალფუნქციურ კომპლექსის „ბათუმი რივიერას“ პროექტის ფარგლებში „სილქ როუდ ჯგუფი“ ხუთი ცათამბჯენის აშენებას, იახტკლუბის, ხელოვნური ტბისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობას გეგმავს. საპროექტო ტერიტორია შედგება „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი ფართობისგან და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი პარკისგან. ასევე, პროექტის ნაწილად მოიაზრება 20-წლიანი იჯარით აღებული იახტკლუბის ტერიტორია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]