weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პატრიარქის სიტყვაზე წინ ვერ გავივლით – ზაზა გახელაძის მეუღლე

17:29 ოთხშაბათი, 23 ივნისი 2021

ცხინვალის ციხეში უკანონოდ დაპატიმებული ზაზა გახელძის მხარდასაჭერად კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში ადგილობრივებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა მსვლელობა გამართეს. გახელაძეები დღეიდან საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავდნენ, თუმცა როგორც თქვეს, კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა გაითვალისწინეს და აქციებისგან თავს შეიკავებენ.

„ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატრიარქის დიდი თხოვნით და უშუალო ჩართულობით, კიდევ ერთხელ გავჩერდეთ, მივცეთ დრო, რომ წერილზე, რომელიც გაიგზავნა რუსეთის საპატრიარქოში, მივიღოთ პასუხი. პერიოდულად, საზოგადოება ისევ შევახსენებთ თავს ხელისუფლებას, რომ გვყავს ტყვე. კიდევ ერთხელ ვამბობ და ვაცხადებ იმას, რომ ჩვენ პატრიარქის სიტყვაზე წინ ვერ გავივლით“, – განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა.

საპატრიარქოს ჩართვის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისთვის ჩაბარება გადაიფიქრა ზაზა გახელაძის მამამ. მიხეილ გახელაძის თქმით, ის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში სოფელ ერგნეთში დაგეგმილ მორიგ შეხვედრამდე დაიცდის და თუ მას ზაზას გათავისუფლება არ მოჰყვა, ე.წ. საზღვარზე აუცილებლად გადავა. წინასწარი ინფორმაციით, რიგით 101-ე შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება.

ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრები თითქმის ერთი წელია უშედეგოდ ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, მაისში, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ უკანონო პატიმარი ცხინვალის ციხეს თვის ბოლომდე დატოვებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ზაზა გახელაძის გათავისუფლების გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა 15 ივნისს ერგნეთში გამართული შეხვედრაც, რომელსაც ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდიც ესწრებოდა.

გუშინ გახელაძეებს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც აცნობეს, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მათი თხოვნა შეასრულა და ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად რუსეთის ხელისუფლებასთან შუამდგომლობისთვის პატრიარქ კირილეს მიმართა.

„მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათავალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა. მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო. თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ადრეც არაერთხელ დაგვეხმარეთ მსგავს სიტუაციებში, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ვიმედოვნებთ, ამჟამადაც, თქვენი შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებთ. აღვავლენთ ლოცვებს თქვენი კეთილდღეობისა და ღვთისათნო მსახურებაში განმტკიცებისათვის“, – აღნიშნულია ილია მეორის წერილში.

34 წლის ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძე დამნაშავედ ცნო ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]