შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ სახანძრო - სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სპეცტექნიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა.
პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 4 წევრი თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაჰყავთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს „მი-8“-ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა. მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.