weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

განცდა მაქვს, რომ სასამართლოს და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება – მურუსიძე

11:41 ორშაბათი, 28 ივნისი 2021

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებით, აქვს განცდა, რომ მედია, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს და მოსამართლეებს მიზანმიმართულად დევნიან. როგორც მურუსიძემ თქვა, მოსამართლეების პოზიციით არავინ ინტერესდება და მათი იგნორირება ხდება.

„განცდა მაქვს, რომ სასამართლოს და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება. თუნდაც ტელევიზიების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებთ. რამდენი დელეგაციაც ჩამოსულა და როდესაც ხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებს, ხელისუფლების ყველა შტოს და საუბრობენ სასამართლო სისტემაზე, სწორი იქნებოდა... სასამართლოში როცა მოდიან მხარეები, სასამართლო ორივე მხარეს უსმენს. 

მე არ მინახავს და არ გამიგია, რომ რაიმე დელეგაცია საქართველოში ჩამოსულიყოს, სასამართლოს თემაზე ყოფილიყოს საუბარი და ვინმეს გამოეთქვას შეხვედრის სურვილი.

ჩვენი სურვილია, რომ კლანს, კრიმინალებს რომ გვეძახიან და ა.შ. ეს არასამთავრობოები რომ აწვიდან ინფორმაციას, იქნებ ვინმე დაინტერესდეს, მოდი, მეორე მხარესაც მოვუსმენ, იქნებ ამის არგუმენტი აქვთ და შეიძლება რასაც იძახიან, ეს მართალი არ არის. სწორი იქნებოდა ორივე მხარისთვის მოესმინათ. როდესაც სასამართლოს ეხება თემა, ასევე კარგი იქნებოდა, რომ სასამართლოსაც შეხვდეს დაინტერესებული პირი და მისგანაც მიიღოს ინფორმაცია“, – განაცხადა მურუსიძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

„ვითხოვთ, განდეგილებივით ნუ ექცევიან სასამართლოს. მარტო არასამთავრობო სექტორი რასაც იტყვის, ეს არ ნიშნავს, რომ აპრიორი 100%-ით მართალია. შეიძლება რაღაცაში მართალი არიან, რაღაცაში ტყუიან. ზოგადად, სამართლიანობა თუ უნდა დავიცვათ, ორივე მხარეს უნდა მოვუსმინოთ“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

გუშინ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების შეხვედრა გაიმართა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები განიხილეს. მოსამართლეები ერთობლივი განცხადების გავრცელებას აპირებენ.

„ვინც ჩართული არის რამდენაირი ფორმით პოლიტიკურ, სამართლებრივ დისკუსიებში და აფიქსირებს საკუთარ მოწოდებებს და ულტიმატუმების ენით საუბრობს, მოვუწოდეთ, რომ შეწყვიტოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა და მისი ხელყოფა. მოსამართლეთა კორპუსის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლიან და სუვერენული სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად 9 მოსამართლე წარადგინა. მოსამართლეთა უვადო დანიშვნათან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. „ქართული ოცნება“ ამ პროცესის შეჩერებას არ აპირებს, რისკენაც მას არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები მოუწოდებენ. ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმება მოიცავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების დაპაუზებას მანამ, ვიდრე არ გატარდება ფართო, ინკლუზიური მრავალპარტიული კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]