weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროპარლამენტარებმა შს მინისტრს მოუწოდეს, „ღირსების მარშის“ მონაწილეთა უფლებები დაიცვას

10:02 სამშაბათი, 29 ივნისი 2021

ევროპარლამენტის 28 წევრი საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეები და უზრუნველყოს, რომ მათ შეძლონ გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა.

ევროპრლამენტარები „თბილისი პრაიდის“ მიერ თბილისში, 1-დან 5 ივლისის ჩათვლით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხმაურებიან. მათი განცხადების ადრესატები ასევე არიან ევროკავშირის საგარეო საქმეების უმაღლესი წარმომადგენლი ჟოზეფ ბორელი, თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰელენა დალი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.

„1-5 ივლისს, თბილისში პრაიდის მსვლელობის დღესასწაული იმართება. ეს მოიცავს 3 ძირითად ღონისძიებას ხუთი დღის განმავლობაში, მათ შორის, თბილისში 2019 წელს პირველად გამართული პრაიდის კვირეულის შესახებ დოკუმენტური ფილმის „ღირსების მარშის“ ოფიციალურ პრემიერას (1 ივლისი), პრაიდ ფესტს ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით (3 ივლისი) და ადგილობრივი საზოგადოებრივი მოძრაობების მიერ თანაორგანიზებულ „ღირსების მარშს“ (5 ივლისი). საერთო ჯამში, ეს იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც აღნიშნავს და განამტკიცებს ლგბტ საზოგადოების მრავალფეროვნებას“, – აცხადებენ ევროპარალამენტარები.

მათივე თქმით, პრაიდის დემონსტრაციები პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიანი ინსტრუმენტი და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების საყოველთაო უფლების მატერიალიზების ერთ-ერთი გზაა.

„ის წარმოადგენს ლგბტი აქტივისტური მოძრაობის ნიშან-თვისებას, ხილვადობის ძირითად საყრდენს და პოლიტიკურ აქტს, რომლის დროსაც თემი გამოხატავს თავის შეშფოთებას, ხაზს უსვამს საკუთარ მიღწევებს და თემის წევრებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მონაწილეობა დემონსტრაციაში თანასწორობის სასარგებლოდ“, – აღნიშნავენ ევროპარლამენტარები.

მათი თქმით, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადება, რომ „ღირსების მსვლელობა“ უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგობაში მოდის ამ უნივერსალურ უფლებებთან.

„ამიტომ ამ მხარდაჭერის სულისკვეთებით მოგმართავთ თხოვნით თქვენ, ბატონო მინისტრო, რომ ყველანაირი მზადება განხორციელდეს რათა უზრუნველყოს მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რომ მათ ისარგებლონ ხელისუფლების დაცვით.

გასულ წლებში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იყენებდნენ ლგბტი-ფობიური ჯგუფები ამ ღონისძიებებს თავიანთი სიძულვილის გასაძლიერებლად და ლგბტი მშვიდობიან მომიტინგეზე თავდასხმისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს პოლიციის საკმარისი და ეფექტანი დაცვა.

ლგბტიქ თანასწორობის სტრატეგიის გამოქვეყნების გათვალისწინებით, კერძოდ, მისი მეოთხე თავიდან „ლგბტიქ თანასწორობის მოწოდების წაყვანა მსოფლიოს გარშემო“ გამომდინარე, ევროკავშირმა უნდა განაგრძოს მისი ჩართულობის გაძლიერება ლგბტიქ საკითხებზე თავის საგარეო ურთიერთობებში. ამასთან, თავის მოხსენებაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შესახებ, ევროპარლამენტმა აღნიშნა შემდეგი:

მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობას და დაჟინებით მოითხოვს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა საფუძვლიანად და ეფექტურად უნდა იქნას აღსრულებული; ითხოვს შემდგომ ძალისხმევას ქალთა, ლგბტ პირების, ბოშების და რელიგიური უმცირესობების მიმართ სოციალურ, ეკონომიკურ, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და ყველა უმცირესობისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენისა და ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების და დევნის გასაძლიერებლად; მოუწოდებს ყველა რელიგიურ თემს, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სამოქალაქო საზოგადოებას, იმუშაონ შემწყნარებლური გარემოს შესაქმნელად.

საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის გადაწყვეტილებით აღიარა, რომ საქართველოს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ვერ დაცვა არღვევს მე-3 (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 მუხლებს (დისკრიმინაციის აკრძალვა). მოცემული საქმე ეხებოდა მშვიდობიან დემონსტრაციას ჰომოფობიის, ბიფობიის, ტრანსფობიისა და ინტერფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ ძალოვანმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო მათი დაცვა ძალადობრივი კონტრ-დემონსტრანტებისაგან და ვერ გამოიძიეს ინციდენტი, კერძოდ, მისი გამომწვევი დისკრიმინაციული მოტივი.

მას შემდეგ, საქართველომ, მაგალითად ევროპის საბჭოსთან პარტნიორობით, გაიღო რესურსი პოლიციის ოფიცერთათვის შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგების ჩასატარებლად სიძულვილის დანაშაულისა და სიძულვილის ენაზე, რამაც გაზარდა პოლიციის თანამშრომელთა ინფორმირებულობა, ცოდნა და შესაძლებლობები. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ტრენინგების შედეგები გამოვლინდება მომავალი პრაიდის ღონისძიებების სათანადო მხარდაჭერაში.

ლგბტი ადამიანების მიერ ადამიანის ყველა უფლებებით სარგებლობის ხელშესაწყობად და დასაცავად ევროკავშირის სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ევროკავშირს საგარეო პოლიტიკაში ეკისრება ლგბტი ადამიანის უფლებების დაცვა და პოპულარიზაცია, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვისა და მშვიდობიანი დემონსტრაციების უფლების უზრუნველყოფის ჩათვლით. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში თვალყური ადევნოს ამ წერილში წამოჭრილ ელემენტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]