weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დაიწყო

11:04 ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ოპოზიციის წინაღმდეგობის მიუხედავად, სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანი პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობაა.

ფრაქციებმა „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“, „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და ასევე, პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩი“ და პარლამენტის უფრაქციო წევრებმა თამარ ჩარკვიანმა და მიხეილ დაუშვილმა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

„ლელოს“ წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ეს პროცესი არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტის არსს.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ უნდა დაიწყოს ამ საკითხის განხილვა, ისევე როგორც პარლამენტმა უნდა შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები და მხოლოდ სასამართლო რეფორმის განხორციელების შემდეგ უნდა განახლდეს ეს პროცესი“, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებს, განსხვავებით ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფისგან.

მიუხედავად საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფში კვოტირების საკითხის განსაზღვრისას, ოპოზიციის კვოტები გაითვალისწინა – სამუშაო ჯგუფში 13 წევრი ეყოლება „ქართულ ოცნებას“, ხოლო ყველა დანარჩენ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და პარლამენტის უფრაქციო წევრებს თითო-თითო წევრი.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფში კვოტები ასევე განსაზღვრულია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანისთვის, იურიდიული სამსახურის დირექტორ რეჟდენ კუპრაშვილისთვის, სახალხო დამცველისთვის, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის წევრის, აკადემიკოს ჯონი ხეცურიანისთვის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკან თამარ ზარანდიასთვის.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად 9 მოსამართლე – გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი – შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა. მოსამართლეთა უვადო დანიშვნათან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. „ქართული ოცნებას“ პროცესის შეჩერებისკენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები მოუწოდებენ. ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმება მოიცავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების დაპაუზებას მანამ, ვიდრე არ გატარდება ფართო, ინკლუზიური მრავალპარტიული კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]