weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგა

11:59 ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ჟვანია ცესკოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის ამ თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორედ აირჩიეს და უფლებამოსილების ვადა 2023 წლის ბოლოს ეწურებოდა.

თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება თამარ ჟვანიამ დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა.

შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას. თითქმის რვა წელი ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ამ ხნის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, სირთულე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წარმატება და განვითარება. ჩემი ხელმძღვანელობით საარჩევნო ადმინისტრაციამ ორგანიზება გაუწია 6 საერთო და სხვადასხვა სახის რამდენიმე შუალედურ არჩევნებს. დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება, განიცადა პროგრესი ინსტიტუციონალური განვითარების, ინკლუზიურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. დანერგა ინოვაციური სერვისები, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. მიიღო 7 საერთაშორისო ჯილდო. ეს ყველაფერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის დამსახურებაა. სწორედ ამიტომ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცესკოს გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, რომელთაც თავდაუზოგავი და დიდი შრომა აქვთ გაწეული“, – წერს თამარ ჟვანია.

როგორც ის ამბობს, თანამდებობის დატოვების შესახებ მედიასთან დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. თამარ ჟვანიას თქმით, მისი სამომავლო გეგმები საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობას უკავშირდება.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვდა. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა, რაზეც პასუხისმგებლობა ცესკოს თავმჯდომარეს უნდა აეღო. 21 ივნისს, პარლამენტში მყოფმა თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ იყო ხარვეზები, თუმცა არჩევნები არ გაყალბებულა. იმავე დღეს მან თქვა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა.

„ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ მხოლოდ საფუძვლის და მტკიცებულების შედეგად და არა პოლიტიკური სურვილების გამო. მე ვარ აქ. ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის, კომპოზიციის ნაწილში. შევხდოთ კანონმდებლობის ცვლელებებს. მე არსად წავსულვარ, არ ვაპირებ წასვლას და კანონმდებლობიდან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტუილება“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]