საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატონ.
„მობილიზებული არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ასევე ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, ნებისმიერი ფაქტი, სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი. მკაცრად მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“, – განაცხადა სირაძემ.
„პრაიდის“ კვირეული დღეს, პირველ ივლისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება. ხუთი დღის განმავლობაში დაგეგმილია თბილისში, 2019 წელს პირველად გამართული „პრაიდის“ კვირეულის შესახებ დოკუმენტური ფილმის „ღირსების მარშის“ ოფიციალური პრემიერის გამართვა, ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით „პრაიდ ფესტივალის“, 5 ივლისს კი „ღირსების მარშის“ ჩატარება.