კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აპატურაის და მასთან ერთად მყოფ საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-სთან ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თორნიკე ფარულავას გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა უმასპინძლა და კახეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა.
„ჯეიმს აპატურაიმ მოინახულა მუზეუმები და ეკლესია-მონასტრები, გაეცნო ქართველი ხალხის წარსულს. ამავდროულად, გასტრონომიული ტურის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაიმ პურის ცხობის, ხინკლის მოხვევისა და ჩურჩხელის ამოვლების პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა“, – აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
ჯეიმს აპატურაი საქართველოში 29 ივნისს ჩამოვიდა. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ეს მისი ბოლო ვიზიტია საქართველოში. აპატურაი ხვალ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.