„საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი ჩვენს მთავარ მონაპოვრად მივიჩნევთ იმ დიდ სამოქალაქო ერთობას, რისი მიღწევაც მოხერხდა ნამოხვანის თემის გარშემო. ჩვენ შეგნებულად ვცდილობთ, არ გავაფართოვოთ ჩვენი განცხადებების არეალი, რათა ყველაფერს არ მივედ-მოვედოთ, რომ არ გამოვიწვიოთ ისედაც ძალიან დანაწევრებული საზოგადოებრივი აზრის კიდევ უფრო მეტად დანაწევრება და ვერ შევძლოთ ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, კონკრეტული, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა.
პირველად, თითქმის 250 დღიანი პრეტესტის მანძილზე, აუცილებლად ჩავთვალეთ, მკაფიოდ გამოვხატოთ პოზიცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში.
არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე.
შეუძლებელია, ვერ დაინახო, რომ ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის სახელით, ერთი მხრივ, „პრაიდის“ ორგანიზატორთა მცირე ჯგუფი, აგრეთვე, ხელისუფლება და მთელი სპექტრი ოპოზიციური ძალებისა, წარმოჩინდებიან, როგორც პოლიტიკურ დივიდენდებს მოწადინებული და მათთვის ძნელად მიღწევადი სამოქალაქო ერთობის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც არაფრად აგდებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, რელიგიურ გრძნობებსა და ცხოვრების წესს. ასევე, უგულებელყოფენ ისინი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სოციალურ ადაპტაციას საზოგადოებაში, სჭირდებათ სამსახური, მშვიდი ცხოვრება და თვითრეალიზაცია. ასეთი „პრაიდი“ და მსგავსი აქტივობები კი ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე.
სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება გარკვეულ ინდეფერენტულობას იჩენს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, მიდრეკილია პერსონებისგან შექმნას კერპები და ასე აარიდოს თავი პასუხისმგებლობას. ამით სარგებლობენ ცალკეული პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები, კონკრეტული პრობლემებიდან ვექტორი გადააქვთ სხვა მიმართულებით და გვრჩება გადაუჭრელი საკითხების მთელი წყება, მორიგი იმედგაცრუება და გვემატება საბაბი ეროვნული ნიჰილიზმის გასაღრმავებლად.
ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა, გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.
ამდენად, საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ცალსახად ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაამდეგ მიმართულ ქმედებას“, – ნათქვამია „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ განცხადებაში.
„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და ნამახვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართულ აქციებშიც მონაწილეობდნენ.
„თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო მოძრაობაა, რომელიც უპირისპირდება ჰომო/ტრანსფობიას და საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გამოყენების გზით, იბრძვის მისი დაძლევისთვის. მოძრაობის მიზანია ქვეყანაში ისეთი გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, რომელშიც ლგბტქი ადამიანები არიან დაცულები, მიღებულები, თავისუფლები და სხვა მოქალაქეების თანასწორები. აღნიშნული მიზნების მისაღწევად „თბილისი პრაიდი“ ყოველწლიურად აორგანიზებს პრაიდის კვირეულს, რომელიც წელს 1-ელ ივლისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება.
გუშინ ღონისძიების მონაწილეებს ფილმი „ღირსების მარში“ აჩვენეს, რომელიც თბილისში, პრაიდის მიერ, 2019 წელს, პირველად გამართულ კვირეულს ეხება. დახურულ სივრცეში ფილმის ჩვენებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გარეთ კი პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი და ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ადმინისტრაციული წესით 23 პირი დააკავეს. მათგან 20 დღეს, 2 ივლისს ხელწერილით გაათავისუფლეს.
„პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში 3 ივლისს, ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით „პრაიდ ფესტივალია“ დაგეგმილი, ხოლო 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარში“ ჩატარდება. სხვადასხვა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები „ღირსების მარშის“ ჩაშლითა და ძალადობით იმუქრებიან.
პოლიტიკოსმა ლევან ვასაძემ ხელისუფლებას პრაიდის კვირეულის გაუქმება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქციით დაიმუქრა. ვასაძემ განაცხადა, რომ პრაიდის კვირეულის ჩატარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საფრთხეს უქმნის.
„პრაიდის“ კვირეულის დაწყებამდე ევროპარლამენტის 28 წევრმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეები, უზრუნველყოს მათ მიერ გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა. ხელისუფლებას შეკრების თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) და დიპლომატიურმა მისიებმაც.
„პრაიდის“ კვირეულის წინააღმდეგია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ღონისძიება პროვოცირების ნიშნებს შეიცავს და კონფლიქტში შედის „საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან“. საპატრიარქომ ხელისუფლებას მიმართა – „აარიდოს ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას გარდაუვალი შფოთი“.