„ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის პორტალზე დაგეგმილი იყო რეგისტრაციის დაწყება დღეს, დღის პირველი ნახევრიდან, თუმცა ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ მიმდინარეობს საიტზე მასირებული კიბერშეტევა, რამაც, ბუნებრივია, შეაფერხა პორტალის მუშაობა. მიმდინარეობს სპეციალისტების მიერ პრობლემის შეფასება, ასევე მუშაობა იმაზე, რომ უახლოეს რამდენიმე საათში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას“, – განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ცხელი ხაზის 15 22-ის საშუალებითაც.
„რეგისტრაცია დაიწყება უახლოეს პერიოდში, როგორც პორტალის მეშვეობით, ასევე ვაქცინაციის პროცესში ჩართული დაწესებულებების ქოლცენტრების საშუალებით. ასევე, რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებაში და გადაწყვეტაში მოქალაქეებს დაეხმარებათ ცხელი ხაზი 15 22-ის სახით. ასევე, გაეშვება 144-ის კიდევ დამატებითი სერვისი იმისთვის, რომ სატელეფონო გზით ჩაწერის შესაძლებლობა მოქალაქეებს უფრო აქტიურად ჰქონდეთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინის - „სინოფარმის“ პირველი დოზით აცრისთვის ონლაინ რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა დილიდან პორტალი https://booking.moh.gov.ge/ არ მუშაობს. „გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის“, – ვკითხულობთ ვებგვერდზე.