weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

5 ივლისს შევიკრიბოთ და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენს ღირსებას ვიცავთ – საპატრიარქო

17:16 შაბათი, 03 ივლისი 2021

„5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ. გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ახალ განცხადებაში, რომელიც 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით გაავრცელეს.

საპატრიარქოს განცხადებით, პრაიდი ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს. საპატრიარქო მოუწოდებს საზოგადოებას, არ აჰყვეს „ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“ და პროტესტი მშვიდობიანად დააფიქსიროს.

ამასთან, საპატრიარქო აკრიტიკებს საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების ხელმძღვანელებსა და ევროპარლამენტარებს „თბილისი-პრაიდის“ მხარდაჭერისთვის.

„29 ივნისს გაკეთებული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რათა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან.

იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში.

ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა“, – აღნიშნავს საპატრიარქო.

პრაიდის კვირეულს, რომელიც წელს 1-ელ ივლისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება, მოძრაობა „თბილისი პრაიდი“ მართავს. მოძრაობის მიზანია ქვეყანაში ისეთი გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, რომელშიც ლგბტქი ადამიანები არიან დაცულები, მიღებულები, თავისუფლები და სხვა მოქალაქეების თანასწორები. პრაიდის კვირეულის ფარგლებში პირველ ივლისს უკვე გაიმართა პირველი ღონისძიება. დახურულ სივრცეში ფილმის ჩვენებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გარეთ კი პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი და ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ადმინისტრაციული წესით 23 პირი დააკავეს. მათგან 20 მეორე დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში დღეს, 3 ივლისს, ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით „პრაიდ ფესტივალია“ დაგეგმილი, ხოლო 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარში“ ჩატარდება. სხვადასხვა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები „ღირსების მარშის“ ჩაშლითა და ძალადობით იმუქრებიან.

პრაიდის კვირეულის დაწყებამდე ევროპარლამენტის 28 წევრმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეები, უზრუნველყოს მათ მიერ გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა. ხელისუფლებას შეკრების თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) და დიპლომატიურმა მისიებმაც.

პრაიდის კვირეულის წინააღმდეგია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ღონისძიება პროვოცირების ნიშნებს შეიცავს და კონფლიქტში შედის „საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან“. 29 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მიმართა – „აარიდოს ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას გარდაუვალი შფოთი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]