weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მუსლიმთა სამმართველო „პრაიდს“ მხარს არ უჭერს

00:33 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები არასდროს იდევნებოდნენ, „პრაიდი“ კი მიზნად ისახავს არა უფლებების დაცვას, არამედ საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, პატივს ვცემთ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასაც, მაგრამ როდესაც საუბარია ე.წ. ლგბტქ+ „პრაიდის“ ჩატარებაზე, საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან და სხვებისთვის ამის თავსმოხვევასთან. ის რასაც გეგმავენ ე.წ. პრაიდის ორგანიზატორები შეუთავსებელია ჩვენი მორალისათვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით.

საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო. მსგავსი „პრაიდები“ კი მიზნად ისახავს არა ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ დაძაბულობის, კრიზისის შექმნას და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, რითაც საზოგადოებისაგან თავად აცალკევებენ და აპირისპირებენ აღნიშნული ორიენტაციის პირებს და, ამასთან, ასეთი აქტივობებით საშიშროებას უქმნიან მომავალ თაობას მავნე ზეგავლენით“, – აცხადებს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება ჰომოფობიური და დისკრიმინაციულია და მუსლიმი თემის სახელით მსგავსი, ძალადობის წამახალისებელი განცხადების გაკეთება მიუღებელია.

„ლგბტქ+ „პრაიდის“ საკითხი არ ეხება მხოლოდ ერთ თემს. დღეს „პრაიდის“ ღონისძიების უსაფრთხოდ და სრულფასოვნად ჩატარება გადამწყვეტია სამოქალაქო მშვიდობისა და სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნავს „სოლიდარობის თემი“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც განცხადება დაგმეს და კომუნიკაცია ჰქონდათ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ წარმომადგენელთან, ოქტაი ისაევთან, განცხადება წაიშალა, თუმცა მოგვიანებით, „მუსლიმთა სამმართველოს“ ვებ-გვერდზე ისევ გამოქვეყნდა.

„სამუფთოს განმარტებით, განცხადება მკითხველისთვის მიუწვდომელი იყო, ტექნიკური ხარვეზის გამო. ჩვენ დღეს გავხდით მომსწრე იმისა, თუ როგორ ზღუდავს სახელმწიფო მუსლიმი თემის ავტონომიას და რა გზებით აკონტროლებს მუსლიმთა სამმართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“, – აცხადებს „სოლიდარობის თემი“.

ლგბტქი+ აქტივისტების ორგანიზებით, პირველი ივლისიდან თბილისში „პრაიდის“ კვირეული მიმდინარეობს, რომლის დასრულება 5 ივლისს, „ღირსების მარშით“ იგეგმება. ევროპარლამენტის 28 წევრმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეები, უზრუნველყოს მათ მიერ გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა. ხელისუფლებას შეკრების თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) და დიპლომატიურმა მისიებმაც.

ღონისძიების გამართვის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ულტრანაციონალისტური და ჰომოფობიური განწყობების მქონე ჯგუფები.

„ღირსების მარშის“ გამართვა მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის, რომელმაც მრევლს ქაშუეთის ტაძართან შეკრებისკენ მოუწოდა, რათა აღავლინონ „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს აჩვენონ, რომ საკუთარ ღირსებას იცავენ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა მათთვის მიუღებელია“. საპატრიარქო საზოგადოებას ასევე მოუწოდებს, არ აჰყვეს „ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“ და პროტესტი მშვიდობიანად დააფიქსიროს.

„ღირსების მარშის“ წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს ბილისის დიდმა სინაგოგამ და ეზიდთა სასულიერო საბჭომაც. ღონისძიებას მხარს უჭერს ანგლიკანური ეკლესია.

„ჩვენი ეკლესია მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას და შესაბამისად, მხარს უჭერს „თბილისი პრაიდს“. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან პრაიდის მონაწილეები ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისგან. ყოველი ადამიანი თანასწორია, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა“, – ნათქვამია ანგლიკანური ეკლესიის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]