weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩვენი შეკრება უნდა იყოს მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული – საპატრიარქო

14:41 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ღირსების მარშის წინააღმდეგ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მობილიზებულ ძალადობრივ და ჰომოფობიური განწყობების მქონე ჯგუფებს მიმართავს.

„გვინდა, შევახსენოთ ე.წ „მარშის“ გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწვალებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს.

ქრისტიანობა მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან, რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს რაიმე ესკალაცია და არ დაზარალდნენ ჩვენივე თანამემამულეები, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსისას, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიმართვაში.

განცხადების მიხედვით, სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია ჟურნალისტზე ძალადობა, რასაც დღევანდელი შეკრების დროს ჰქონდა ადგილი.

„ვითარების მაქსიმალურად მშვიდობიანად წარმართვისათვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავემიჯნოთ ყოველგვარ აგრესიულ ქმედებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ადამიანის დაზარალებაც კი საფრთხეს უქნის არა მარტო მას, არამედ აზიანებს მთელ საზოგადოებას და ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას“, – აცხადებს საპატრიარქო.

დღეს, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა მიერ „ღირსების მარშის“ ჩატარება იყო დაანონსებული. სხვადასხვა ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები იქ დილიდან მობილიზდნენ, ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ეცადნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრას და მის დარბევასაც. მარშის მოწინააღმდეგეები გინებითა და ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებით გადაადგილდებიან, იმუქრებიან ძალადობით. ისინი ავიდნენ მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივანზე, ჩამოაგდეს ცისარტყელასფერებიანი დროშა და ოფისში შევიდნენ.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებიან. ბოლო დღეებში ეკლესიამ მრევლს რამდენჯერმე მოუწოდა „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრება. საპატრიარქო აცხადებდა, რომ სასულიერო პირები პარაკლისის გადახდას აპირებდნენ.

ამ ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ღია სივრცეში „ღირსების მარშის“ ჩატარება მისი მონაწილეებისთვის საფრთხის შემცველია. სამართალდამცავი უწყება „თბილისი პრაიდს“ დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]