weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვფიქრობთ, კანონში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება – მეუფე შიო

18:52 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

საქართთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო კანონმდებლობაში რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნების შემოღებაზე საუბრობს.

მეუფე შიომ ასეთი განცხადება ქაშუეთის ტაძართან, პარაკლისის გადახდის შემდეგ გააკეთა. ის თბილისში დღეს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებსაც გამოეხმაურ და თქვა, რომ ეკლესია ვერასდროს შეეგუება, სოდომურ ცოდვას სიკეთე და ღირსება უწოდონ.

„ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშორეს ღმერთს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს მისი გადაგვარება. ამიტომ ვართ დღეს ასე შემართული და გაერთიანებულნი. განსაკუთრებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ბავშვებზე, ჩვენს ახალ თაობაზე, იმიტომ, რომ თუ უმცროსი თაობა დაიჯერებს ამას, ეს უღირსება და სიბილწე, არის ღირსება და სიკეთე, არის საწინდარი ერის გადაშენების და მოსპობის.

ვწუხვართ, რომ იყო გადაცდომები, არაკორექტული ქმედებები და გადაცდომები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი.  ჩვენ ამას ვემიჯნებით, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისიძების ორგანიზატორებს, ხელისუფლებაც აფრთხილებდა, რომ ეს აუტანელი იქნებოდა. ერის გამოწვევა ხდება, ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური, იდეოლოგიური ჩვენს სინდისსა და სულიერებაზე.

ეს რომ აღარ განმეორდეს, ვფიქრობთ, ხომ არ არის დრო, ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, ჩვენთან ერთად დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება. ამაზე ვფიქრობთ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

დღეს, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა მიერ პრაიდის კვირეულის ბოლო ღონისძიების – „ღირსების მარშის“ გამართვა იყო დაანონსებული. სხვადასხვა ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის შენობასთან დილიდან მობილიზდნენ. ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი. მარშის მოწინააღმდეგეები ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებით გადაადგილდებოდნენ, იგინებოდნენ და ძალადობით იმუქრებოდნენ. ისინი ავიდნენ მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივანზე, ჩამოაგდეს ცისარტყელასფერებიანი დროშა და დაწვეს, რის შემდეგაც ოფისში უკანონოდ შეიჭრნენ.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები 40-მდე ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააზიანეს მათი ტექნიკაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა უწყებას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაკავებულთა შესახებ.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ხალხს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ. ბოლო დღეებში ეკლესიამ მრევლს რამდენჯერმე მოუწოდა „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრება და მსოფლიოსთვის ჩვენება, რომ „საკუთარ ღირსებას იცავენ“.

დღევანდელი ძალადობის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარშის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]