weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხელისუფლების ვალდებულებაა დასაჯოს თავდამსხმელი დამნაშავეები – მიატოვიჩი

10:03 სამშაბათი, 06 ივლისი 2021
ფოტოზე - დუნია მიატოვიჩი ფოტოზე - დუნია მიატოვიჩი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა სავალალო ილუსტრაციაა იმისა, რომ საქართველოში ლგბტი ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს.

„ხელისუფლების ვალდებულებაა დაიცვას ადამიანის უფლებები, მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, დაიცვას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და დასაჯოს თავდამსხმელი დამნაშავეები“, – განაცხადა მიატოვიჩმა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპიკერის, დენიელ ჰოლტგენის თქმით, გმობენ „თბილისი პრაიდის“ ჩატარებამდე ძალადობრივ შეტაკებებს, რამაც, ლგბტი თემზე მუქარისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ, პრაიდის გაუქმება გამოიწვია. დენიელ ჰოლტგენიც აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება.

5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა მიერ პრაიდის კვირეულის ბოლო ღონისძიების – „ღირსების მარშის“ გამართვა იყო დაანონსებული. სხვადასხვა ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის შენობასთან დილიდან მობილიზდნენ. ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი. მარშის მოწინააღმდეგეები ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებით გადაადგილდებოდნენ, იგინებოდნენ და ძალადობით იმუქრებოდნენ. ისინი ავიდნენ მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივანზე, ჩამოაგდეს ცისარტყელასფერებიანი დროშა და დაწვეს, რის შემდეგაც ოფისში უკანონოდ შეიჭრნენ.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ხალხს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააზიანეს მათი ტექნიკაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

დღის ბოლოსთვის პოლიციას ადმინისტრაციული წესით 8 პირი ჰყავდა დაკავებული.

ძალადობისა და მუქარის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარშის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]