weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ივანიშვილი – ლაფანყურის სპეცოპერაციას გამოუძიებელს არ დავტოვებთ, ყველა დაისჯება

11:32 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

ლაფანყურის სპეცოპერაციიდან, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 5 წელი გავიდა. „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საჯარო დაპირება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას გამოუძიებელს არ დატოვებდნენ და დამნაშავეებს დასჯიდნენ, ამ დრომდე შეუსრულებელია.

„ჩვენი ხელისუფლება უტიფრად ტყუოდა ლოპოტას ხეობაში ოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან, როცა გვიმტკიცებდა, რომ იქ რუსეთიდან გადმოსულ შეიარაღებულ დივერსანტთა რაზმს ებრძოდა, მაგრამ როგორც კი აღმოჩნდა, რომ ეს ჯგუფი რუსეთიდან არ იყო შემოსული, იმის მტკიცება დაგვიწყეს, რომ რაზმის არცერთი წევრი საქართველოს მოქალაქე არ იყო. ჟურნალისტების წყალობით გავიგეთ, რომ დაღუპულთათვის პანკისის ხეობის სოფლებში საფლავები გაითხარა. ოჯახები იქ დაღუპულ შვილებს გლოვობდნენ. გავიგეთ ისიც, რომ ხელისუფლება ოჯახებს ცხედრებს არ აძლევდა, ცხედრებით ევაჭრებოდა ქისტებს. მე მინდა რომ ჩვენმა ქისტებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა, დაღუპულების ნათესავებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ამ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ. ყველაფერს გავარკვევთ და გპირდებით, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 9 სექტემბერს, თელავში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

„მოწმეები იყვნენ თუ ეჭვმიტანილები, ყველა გაუშვა ამ ხელისუფლებამ. საქართველოში არცერთი არ დატოვეს. ზოგი სირიაში აღმოჩნდა, ზოგი ევროპაში, ზოგი ოდესაში. სირიაში ვინც წავიდა, ზოგიერთები უკვე ცოცხლებიც აღარ არიან. საერთოდ არანაირი კავშირი აღარ გვაქვს გამოძიებასთან“,

 – ამბობს ასლუდინ ალდამოვი, ლოპოტას ხეობაში 2012 წლის 28 აგვისტოს ლიკვიდირებული 26 წლის ბაჰაუდინ ქავთარაშვილის მამა.

ხელისუფლებასთან ლაფანყურის საქმის გამოუძიებლობის გამო პრეტენზია აქვს სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 22 წლის ასლან მარგოშვილის დედას, ლელა მარგოშვილსაც. „ლიკვიდაციის შემდეგ ჩვენი შვილები ტერორისტებად შერაცხეს. ხუთი წელი გავიდა და ჩვენ დაზარალებულებადაც არ ვართ ცნობილი, ისინი კი, ვინც ეს ახალგაზრდები ჩამოიყვანა საქართველოში, შეაიარაღა, გაწვრთნა და მერე ამოხოცა, თავისუფლად არიან თანამდებობებზე და პასუხისგებაშიც არავინაა მიცემული“, – აღნიშნავს ლელა მარგოშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტას ხეობაში 2012 წლის 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 25 აგვისტოს დაიკარგნენ.

შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა.

29 აგვისტოს შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი - ალყაში ჰყავდათ მოქცეული.

სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ შეიარაღებული ჯგუფიდან ლიკვიდირებული იყო 7 წევრი: საქართველოს მოქალაქეები: ასლან მარგოშვილი, დაბადების თარიღი – 28/06/1990 და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი, დაბადების თარიღი 07/02/1986. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებული გროზნოში, 1986 წლის 10 თებერვალს; დუკვახა დოშუევი, დაბადების თარიღი: 19/01/1968, დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო. სალამ ზაურბეკოვი, დაბადების თარიღი: 14/12/1991, დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქ. გროზნო. ხაშიევ ჯაბრაილი, დაბადების თარიღი: 24/01/1989, დაბადების ადგილი ინგუშეთი. მუსა ადუევი, დაბადების თარიღი: 28/03/1981, დაბადების ადგილი ქ. გროზნო.

დაიღუპა ასევე სპეცრაზმის 2 წევრი, სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე.

ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ–ის 144–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს – ლაფანყურელი ახალგაზრდების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე. გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.

სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშში აცხადებს, რომ საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანის ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ზურაბ მაისურაძე და ამავე ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი სანდრო ამირიძე ხელმძღვანელობდნენ. სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ჩამოყვანილ ჩეჩნებს აძლევდნენ იარაღს, წვრთნიდნენ და პირდებოდნენ „კორიდორის“ მიცემას რუსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]