სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, „მთავარი არხის“, გამოცემა „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.
ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე მუხლის 1 ნაწილით (ძალადობა) გრძელდება.
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ძალადობის ფაქტები სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენლის მიმართ გამოვლინდა.