weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოციალური სამართლიანობის ცენტრი რიონის ხეობის მცველების მოკავშირე აღარ იქნება

21:40 სამშაბათი, 06 ივლისი 2021

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ შემდეგ, მოძრაობასთან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ თანამშრომლობას წყვეტს „სოციალური სამართლიანობის ცენტრიც“, რომელიც რიონის ხეობის მცველების მიერ ძალადობრივი აქციის მხარდაჭერას მიუღებლად მიიჩნევს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენიმე დღის წინ მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” გაავრცელა განცხადება, რომელიც თბილისში დაგეგმილ „ღირსების მარშს“ ეხმაურებოდა და მას ემიჯნებოდა, როგორც „არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას” და „სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას“. გუშინ, 5 ივლისს, მოძრაობის ლიდერები შეუერთდნენ „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ მიმდინარე კონტრაქციას თბილისში, რომელიც იმთავითვე აშკარა იყო რომ ძალადობრივ შინაარსს და განზრახვას ატარებდა.

კონტრაქციაზე დილიდანვე დაიწყო ძალადობრივი შეტევა ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებზე. კონტრაქციის მონაწილეები შევარდნენ და დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი. თავს დაესხნენ სხვა სამოქალაქო და აქტივისტური ორგანიზაციების ოფისებსაც. დაფიქსირდა ძალადობის უმძიმესი შემთხვევები არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვის მიმართ. სამწუხაროდ, ძალადობის ამ მასშტაბურ, არაჰუმანურ და კოლექტიურ პრაქტიკაზე რიონის ხეობის მცველების დამაჯერებელი და თვითრეფლექსიური კრიტიკა არ მოგვისმენია.

ამ დრომდე რიონის ხეობაში მიმდინარე წინააღმდეგობა ახერხებდა სხვადასხვა, მათ შორის, განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური ხედვებისა და პოზიციების მქონე ჯგუფების გაერთიანებას. მოძრაობას პირველივე დღეებიდან აძლიერებდა თანასწორობისა და არაძალადობრიობის პრინციპებზე დაფუძნებული შინაარსი. ვთვლით, რომ ამ ღირებულებების ერთგულების გარეშე მოძრაობა კარგავს მის სოციალურად სამართლიან, ფართო საზოგადოებრივი წუხილების დატევის და გამოხატვის პოტენციალს.

ორგანიზაცია „თბილისი პრაიდისა“ და სხვა მხარდამჭერების მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ კვირეულამდე რამდენიმე ხნით ადრე, აშკარა იყო, რომ „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ დაგეგმილი კონტრაქცია მიზნად ისახავდა არა პროტესტის მშვიდობიან გამოხატვას, არამედ ძალადობრივ დომინაციას, ჩაგვრის და უთანხმოებების გამწვავებას ჩვენს ისედაც დაყოფილ და პოლარიზებულ საზოგადოებაში. ხელისუფლების მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, ისევე როგორც პოლიციის მხრიდან წესრიგის დაცვაზე დემონსტრაციული უარი, კიდევ ერთხელ აჩვენებს ლგბტქ თემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების სტრატეგიას და ამ თემაზე კაპიტალიზებით პოპულისტური მხარდაჭერის და ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისის გადაფარვის მოტივაციას. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკურ თამაშში საპატრიარქო და ხელისუფლება მოკავშირეებად მოგვევლინენ. სასულიერო პირების ნაწილი ღიად და საჯაროდ ახალისებდა ძალადობას, სიძულვილსა და ჩაგვრას.

ამ რეალობაში „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ჩვენი ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.

რიონის ხეობის მცველების გუშინდელი გადაწყვეტილება, შეერთებოდნენ დეკლარილებულად ძალადობრივ აქციას, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც ბოლო დრომდე თავს ამ მოძრაობის ერთგულ მხარდამჭერად მიიჩნევდა და ყველა რესურსი გამოიყენა მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის.

ჩვენთვის რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობა ბოლო წლებში ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიული თვითორგანიზების უნიკალური მცდელობა იყო, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის უთანასწორო და არაადამინური ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ლოგიკას და წესრიგს სწორ სახელდებას აძლევდა. თუმცა, მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობის მოკავშირეებად დავრჩეთ.

კონკრეტული სოციალური ჯგუფების, ამ შემთხვევაში ქვიარ ადამიანების გარიყვაზე, ჩაგვრაზე, არაღიარებაზე მიმართული მობილიზაცია შეუძლებელია გახდეს ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი.

ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმეა და ის უმძიმეს იმედგაცრუებასთან და ემოციურ ტვირთთან არის დაკავშირებული.

ცხადია, ჩვენ ვიაზრებთ, რომ ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა და განათლების და კულტურის არსებული სისტემები მისი დაძლევის შესაძლებლობას არ იძლევა. უფრო მეტიც, ბოლო წლებში ჩანს ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება ხელისუფლების, საპატრიარქოს და სხვა რადიკალური ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მხრიდან. ჩვენ სრულად გვესმის, რომ ჰომოფობიის დაძლევას გრძელვადიანი, სისტემური და ტრანსფორმაციაზე მიმართული შრომა და დიალოგი სჭირდება საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. თუმცა, სამწუხაროდ, რიონის ხეობის მცველებმა ღიად ძალადობრივ აქციასთან საკუთარი თავის დაკავშირებით, ამ დიალოგზე უარი თქვეს.

ცხადია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განაგრძობს სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ, ისევე როგორც ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც სწორედ ამგვარი პოლიტიკის ნათელი გამოვლინებაა.

მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში გადამწყვეტია არა არჩევანის გაკეთება სოციალური თანასწორობის პრინციპსა და ბუნებრივი გარემოს დაცვას შორის, არამედ ამ ღირებულებებისთვის ერთიანი ბრძოლის წარმოება. ჩვენთვის დემოკრატიის, თანასწორობის, სამართლიანობის და სოლიდარობის იდეები და პრინციპები მუდმივ თანაკვეთაში არსებობს, მათ ყველა სოციალური ჯგუფის მიმართ ვიყენებთ და თანაბარ პოლიტიკურ ღირებულებას ვანიჭებთ“.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ რამდენიმე დღის წინ განცხადებით გაემიჯნა „თბილისი პრაიდს“, ხოლო გუშინ მოძრაობის ლიდერები, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი, მარიტა მუსელიანი და მაკა სულაძე, რიონის ხეობიდან თბილისში ჩავიდნენ და საპატრიარქოს მიერ „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ ორგანიზებულ აქციასაც შეუერთდნენ.

„საპატრიარქო არის ინსტიტუცია რომელიც არცერთ შემთხვევაში თვითონ არ დააინიცირებს ძალადობას არავისზე. რა თქმა უნდა, ძალადობა ყველა ფორმით და ნებისმიერი ადამიანის მიმართ არის მიუღებელი და ამას ჩვენ ვემიჯნებით. უბრალოდ, აქ ვიცავთ ჩვენს უფლებას, მათ შორს, რომელიც არ სცილდება იმ ფარგლებს, რომ უბრალოდ მოვიდეთ, დავდგეთ და დგომით გამოვხატოთ“, – განაცხადა აქციაზე მისულმა ვარლამ გოლეთიანმა.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

ძალადობისა და ოფისის დარბევის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]