ტიკარაძის პრეზენტაციის მიხედვით, დაგეგმილ ქმედებებს შორის არის ჩინეთის სახელმწიფოს გრანტის ფარგლებში 2 ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობა სამეგრელოსა და კახეთში, ასევე, თბილისის ორი ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია.
„ადამიანის ჯანმრთელობის ცნება გულისხმობს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ კეთილდრეობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების ფუნდამენტური ცვლილება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი მოქალაქის ბიო-ფსიქო-სოციალურ საჭიროებებზე და ეთიკის პრინციპების დაცვით მკურნალობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან დღესდღეობით საკმაოდ მწვავედ დგას როგორც ფსიქიური საწოლების, ისე ფსიქიური მკურნალობის საკითხები და ამ მიმართულებით საჭიროა მეტი ჩართულობა. რა თქმა უნდა, გვერდში გვყავს საერთაშორისო პარტნიორები, თუმცა მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს ინტენსიურად ჩართული და ჰოსპიტალური სექტორის გადანაწილება მოხდეს იმ დაკვეთით, რა საჭიროებაც გააჩნია საზოგადოებას და არა იმ დაკვეთით თუ რომელი სეგმენტი არის იდენტიფიცირებული მეტად უფრო მომგებიანად მოკლევადიან ჭრილში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ პრეზენტაციაზე.
საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით,ფსიქიკური ჯანმრთელობა და ხარისხიანი ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისით მოსახლეობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
სახალხო დამცველის შეფასებით, არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა.
„ამ მხრივ, 2020 წელს განხორციელებული ვიზიტებისას, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“. გადატვირთული პალატები, გაუმართავი და მოძველებული სველი წერტილები, არაჰიგიენური მდგომარეობა, მით უფრო იმ ფონზე, როცა პაციენტებს სუფთა ჰაერზე გასვლის ან სხვა საინტერესო აქტივობით დაკავების საშუალება არ ეძლევათ, განსაკუთრებულად დამთრგუნველ და მძიმე გარემოს ქმნის. საგულისხმოა, რომ სტაციონარების ინფრასტრუქტურა, სრულად ან ნაწილობრივ არ არის ადაპტირებული მობილობისა და სენსორული შეზღუდვის მქონე პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა“ და შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ ზოგიერთ პალატაში 4, 5 და 6 პაციენტი ცხოვრობს, რის გამოც შეუძლებელია სტანდარტით დადგენილი მინიმალური საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფა“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.
გამოწვევაა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციაც. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შეუსრულებელია მათი რეკომენდაციები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით. ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა არც მოკლევადიან მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისთვის ითვალისწინებს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების ხელმისაწვდომობას.