weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან

16:46 ოთხშაბათი, 07 ივლისი 2021

მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი, რომელიც გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ მდუმარე აქციაზე იმყოფებოდა, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ამის შესახებ რეგინფოს განუცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა, მარიამ პატარიძემ, რომელიც მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავს. სასამართლო პროცესი დღის ბოლომდე გაიმართება.

როგორც ადვოკატი ამბობს, მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძვლები აბსურდულია.

„ოფიციალურად საქმის მასალები არ გადმოგვცემია და არ გავცნობივართ დოკუმენტაციას, თუმცა როგორც თავად მაჩალიკაშვილმა მითხრა, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით. ეს არის ის აბსურდული საფუძვლები, რის გამოც ის დააკავეს.

მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ჩამოსასვლელთან, იმ ადგილზე, სადაც პოლიციამ რკინის ჯებირები აღმართა. ჯებირებს მიღმა მყოფი ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან მისი მისამართით განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა მაჩალიკაშვილი იცნეს, დაუწყეს გინება და ცდილობდნენ ჯებირები გაერღვიათ და ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ.

როდესაც პოლიცია გამოჩნდა, მაჩალიკაშვილს გაუჩნდა განცდა, რომ იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოდიოდნენ, რაც მას ამ ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ელოდა. რეალურად, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც თვითონაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

არანაირ წინააღმდეგობას არ ჰქონია ადგილი. იქ ბევრი მედია მუშაობდა და ჩვენ მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, როგორც ვიდეოკადრებს, ისე მოწმეთა ჩვენებებს, რაც დაადასტურებს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია“, – ამბობს მარიამ პატარიძე.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ, მისი ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელიც პოლიციამ მდუმარე აქციის მხარეს დააკავა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობა (166-ე მუხლი) ითვალისწინებს 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

გუშინ, 6 აპრილს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია – „თავისუფლებისთვის“ – გაიმართა, რომლის მონაწილეებმა 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბნენ ძალადობრივი და ჰომოფობიური განწყობების მქონე ჯგუფები. ისინი ქვებს, შუშის ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მუდმივად ცდილობენ პოლიციის კორდონების, რკინის ჯებირების გარღვევას და მშვიდობიან აქციაზე შეჭრას. როგორც დღეს გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 100 ადამიანი დააკავეს, მათგან 68 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო 32 – დროებითი მოთავსების იზოლატორში დარჩა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ 32 ადამიანს შორისაა.

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ შეკრებილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პარლამენტის შენობის წინ, თვეების განმავლობაში პროტესტის ნიშნად განთავსებული კარვებიც დაშალეს, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]