weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის 3 პირი დააკავეს

13:05 ხუთშაბათი, 08 ივლისი 2021
Euronews Georgia-ს ფოტო Euronews Georgia-ს ფოტო

სამართალდამცველებმა 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ოფისში შეჭრისა და დარბევის გამო სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1992 წელს დაბადებული გ.ე., 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. და 1992 წელს დაბადებულ გ.ო.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ოფისის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწიეს ოფისის აივანზე, რასაც მოყვა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება.

მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ადამიანების, კერძოდ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა დევნით იყო გამოწვეული.

დაკავებული პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს შსს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ხალხს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ. ძალადობის და ოფისის დარბევის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში.

მანამდე ევროპარლამენტის წევრები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, „ღირსების მარშის“ მონაწილეები და მათი შეკრების თავისუფლება დაეცვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]