weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ელჩების განცხადებაზე კომენტარის შემდეგ სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

15:34 ხუთშაბათი, 08 ივლისი 2021

გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ქარელმა თანამდებობა დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სკოლის დირექტორმა 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ქვეშ არაკორექტული კომენტარი დატოვა.

ზურაბ ქარელმა „რეგინფოს“ მხოლოდ ის უთხრა, რომ თანამდებობიდან მისი წასვლა ამ კომენტარს არ უკავშირდება.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, ზურაბ ქარელის განცხადება დღეს მიიღო და ის უკვე გადაგზავნილია განათლების სამინისტროში.

„რესურსცენტრის წესდება ასეთ საკითხებზე რეაგირებას არ ითვალისწინებს, თუმცა, როგორც მოქალაქეს და განათლების სისტემაში დასაქმებულ ადამიანს, მიმაჩნია, რომ ბატონი ზურაბის ეს კომენტარი, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი და შეურაცხმყოფელი იყო“, – უთხრა „რეგინფოს“ ნანა ტერმაკოზაშვილმა.

„ყველამ თავის ბოზ მამიდას მიმართოსო, არ გსმენიათ?“, – დაწერა ზურაბ ქარელმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის 13 ქვეყნის, საქართველოში გაეროს სისტემის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადების ქვეშ. განცხადებით დაგმობილი იყო 5 ივლისს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმები და ასევე „ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობა“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ხალხს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ.

ძალადობის და ოფისის დარბევის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]