weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩიეს

10:30 პარასკევი, 09 ივლისი 2021

საკონკურსო კომისიამ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია, ხოლო ცესკოს წევრობის კანდიდატებად შერჩეულები არიან გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

შერჩეული კანდიდატურები პრეზიდენტს გადაეგზავნა. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს. თუ ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 დეპუტატის ხმა) დაუჭერს, მისი უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნება, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

საკონკურსო კომისიის წევრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შერჩეული ორი კანდიდატისთვის მხარი არ დაუჭერია.

„ეს იყო ჩემი ძირეული კრიტერიუმები – კანდიდატი უნდა ყოფილიყო პრინციპული და დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში, ასევე მიუკერძოებელი. მე იმ ორ კანდიდატში ეს ნამდვილად ვერ დავინახე და შესაბამისად, ჩემი მაღალი სტანდარტით მივეცი ხმა, მაგრამ დანარჩენმა წევრებმა, ჩემი აზრით, შეაფასეს შედარებით დაბალი სტანდარტით. ქალბატონი პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს სამი დღის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, მან მხარი დაუჭირა ცესკოს წევრობის სამ კანდიდატს, რადგან მიაჩნია, რომ დანარჩენ ორთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან სანდოობა ვერ იარსებებს. რაც შეეხება, ცესკოს თავმჯდომარეობის შერჩეულ ორ კანდიდატს, საიას თავმჯდომარემ მათ მხარი არ დაუჭირა. ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ გამოიყენა ან ძალიან დაბალი სტანდარტები, ან ეს იყო წინასწარ შეთანხმებული მოქმედება.

„კომისიამ პრეზიდენტს წარუდგინა თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი, რომელთა მიმართაც, ვფიქრობ, საზოგადოებაში არ იქნება მაღალი სანდოობა ბევრი მიზეზის გამო და შესაბამისად, არ უნდა ყოფილიყო ასეთი გადაწყვეტილება მიღებული.

მე ამ ადამიანების პროფესიონალიზმს არ ვეხები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმს, რომელიც არის მაღალი საზოგადოებრივი სანდოობა და ყველა პოლიტიკური ძალა მათ ვერ ენდობა. წევრობასთან მიმართებით კომისიას შეეძლო, რომ მინიმუმ ოთხი და მაქსიმუმ ექვსი კანდიდატი წარედგინა პრეზიდენტისთვის და ჩვენ წარვუდგინეთ ხუთი კანდიდატი. მე თვითონ მხარი დავუჭირე სამ კანდიდატს, რადგან იმ ორის მიმართ ვთვლი, რომ სანდოობა ვერ იქნება“, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილი 2019 წლიდან ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსია. ის ასევე შედის ცესკოში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოში.

გიორგი სანტურიანიც ცენტრალური საარცევნო კომისიის თანამშრომელია. ის ამ უწყებაში 2018 წლიდან მუშაობს და 2020 წლიდან იურიდიული დეპარტამენტის უფროსია. მანამდე, 2015-2018 წლებში, ის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]