„ეს ყველაფერი სრული სიბნელე, სიველურე და სირცხვილია. აი, ეს არის იმ ქმედებების შეფასება, რაც იქ ხდებოდა. გადაწყვეტილებას ვიღებ საქართველოს სახელით. თქვენი ქმედებები არის უაღრესად საფრთხის შემცველი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მაღალი საფრთხე და რისკია ახალი დანაშაულის ჩადენის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს და პროკურატურის შუამდგომლობას ვაკმაყოფილებ“, – განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ.
დაკავებულები – 1983 წელს დაბადებული ა.ნ., 1999 წელს დაბადებული თ.დ., 1986 წელს დაბადებული ი. ქ. და 1996 წელს დაბადებული თ. ხ. – ბრალს არ აღიარებენ.
„გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა ა.ნ.-მ და თ.დ.-მ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებულებმა ი.ქ.-მ და თ.ხ.-მ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, – აცხადებს შსს.
ოთხივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„სირცხვილიას“ ოფისში მომხდარი ძალადობის დროს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სცემეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასაც. დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ძალადობასა და თავდასხმაში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა.