weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ - მეუფე ანტონი საელჩოებს

21:10 კვირა, 11 ივლისი 2021
ფოტოზე - ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ფოტოზე - ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი

„რაიო, შეურაცყოფილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა, რომლითაც აგღჭურვეთო? რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა, დაგაკმაყოფილებდათ ვამპირებო?“, - ასე მიმართავს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებს. მღვდელმთავრის განცხადებას ეპარქია ავრცელებს.

„რატომ უქნევთ თითს ქართველ ხალხს, ჩვენს ღირებულებებს? რატომ ფუთავთ უზნეობას ზნეობრიობის მანტიაში. გველს რომ ბულბულს არქმევთ, ნუთუ ფიქრობთ თქვენს გაწვრთნილობას და დახვეწილობას სასაუბრო ენაში ეს „ბნელი ხალხი“ ვერ მიგიხვდებით?

კარგი დიპლომატიური კურსები გაქვთ გავლილი, შეისიხლხორცეთ რომ დიპლომატია არის ხელოვნება იმისა, თუ როგორ აჭამო სხვას ნეხვი ისე, რომ დანარჩენს პირში მარწყვის გემო დარჩეს და მჭამელმაც ამტკიცოს ნამდვილად მარწყვიაო. საბჭოთა კავშირის დროს, რაზედაც არ უნდა ყოფილიყო მსჯელობა, ქიმია, ბიოლოგია თუ ნებისმიერ განყენებულ საკითხზე, დასაწყისში აუცილებლად უნდა გეხსენებინა სკპპ-ამა და ამ და ყრილობის... და ა.შ.

ვამჩნევ ნებისმიერი ჩვენი მოაზროვნე, ხელისუფალი, სასულიერო პირი თუ უბრალოდ პატიოსანი ადამიანი რომ გამოდის, ჯერ აუცილებლად უნდა იხმაროს ძალადობას ვგმობ, ვემიჯნები, რა ძალადობა, ვინაა ძალადობის მომხრე? იცით, როდესაც კაცს თავისმართლების რეჟიმში აგდებთ მოგებული ხართ. თუ ვინმეა მოძალადე ეგ თქვენ ხართ, აბსოლუტურ უმრავლესობას ძალადობრივად თავს რომ ახვევთ თქვენს გამრუდებულ შეხედულებებს.

ყველას პირში არ არის და არც იქნება მარწყვის გემო. რა გამოგილევთ გვარამიებს, უგულავებს, ფსევდო ჯაფარიძეებს, კაცთმოძულე ბერძენიშვილებს და უგვანო დიაცთ რომელთა სახელების ხსენება უხსენებელისავითაა... მაგრამ იცოდეთ ჩვენც ვართ!!! ვერ გიშველით შეფუთული 17 მილიარდი, რომელიც ვითომ ჩვენი კეთილდღეობისთვისაა, ვხდებით უკვე ყველაფერს.

ძალიან მოტრფიალე ვიყავი ევროპული და ამერიკული ღირებულებების, ვაქტიურობდი კიდეც, ეპარქიაში პირველმა დავაარსე ევროკლუბი „სურიონი“, რომელსაც უახლოეს დღეებში დავხურავ თქვენი შემხედვარე.

ბავშვებს ვუხსნიდი - ევროპამ შეიმეცნა, რომ ცხოვრების არსი, პირადი კეთილდღეობა კი არა, კარგ და ჯანსაღ საზოგადოებაში ცხოვრებაა. თქვენ კი გინდათ დაგვარწმუნოთ, რომ ჯანსაღი საზოგადოება გარყვნილებასთან ერთად თანაცხოვრებაა, რომ გველი ბულბულია და ნეხვი - მარწყვი. უკაცრავად, თქვენი იყოს, მიტომ გვაფინანსებთ და გვეხმარებით, რომ ეს მოგვახვიოთ თავზე?

სულ ვფიქრობდი და ვერ გამეგო რაში გაძლევთ ეს ხელს, განა ის არ უნდა ერჩივნოთ-თქო რომ ზნეობის, ვაჟკაცობის იდეალების მატარებელ ხალხთან არ უნდა უჯობდეთ ურთიერთობა? თქვენი მწერლობა ყველა ნაწარმოებებში, თქვენი ფილმები, ხომ პატრიოტობის, მამაკაცური და ოჯახური ღირებულებებითაა გაჟღენთილი, როდის გადაგვარდით, რა დაგემართათ, რა უქენით თქვენს საზოგადოებას, კულტურას, ხელოვნებას, როგორ დააჩმორეთ ოჯახები, მამაკაცები, რა უქენით თქვენს ხალხს.

პარიზის და სხვა დიდი ქალაქები მერად რომ გარყვნილებს აირჩევს, იქ ოჯახები და მამაკაცები ცხოვრობენ?

ვიმეორებ, როგორ დააჩმორეთ საზოგადოება, არ გაგივათ ესეთები აქ. ქუდზე კაცი გამოვალთ, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს გეიპარადები და მათი პარპაში, ბაღებში სკოლებში, საზოგადოებრივ სახალხო-კულტურულ სივრცეებში.

სულით ხორცამდე მჯერა, რომ არც თქვენ მოგწონთ ეს, მაგრამ ისეთ სისტემაში შეებით, უკან გზა არ გაქვთ და ერთი გამოსავალი დაგრჩათ, იმსგავსოთ ხალხი და ქვეყნები.

მივხვდი და უტყუარი დასკვნა გამოვიტანე: ზნეობრიობის და ვაჟკაცობის იდეალებზე გაზრდილთ, ვერ მოახვევ თავს აღვირახსნილობას, სიბილწეს. დაე, გაიხრწნან, მივცეთ გასართობები, „თავისუფლება“ კარგად გაქვთ შეთვისებული, რომ „თავაშვებული ცხოვრება დედაა აღვირახსნილობისა და ბებია უზნეობისა“.

იცით, რომ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს (სამოთხე განათებულია - უქრთამოდ!).

ჩვენ რუსეთს ვუთხარით უარი, დაგვიმარტოხელეთ და ალერსით გაბრუებულებს და საკენკით მიტყულებულებს გინდათ მოგვახვიოთ თქვენი მრუში- ბილწი და გარყვნილი იდეალები.

გინდათ შეძვრეთ ჩვენს ბაღებში, სკოლებში იქ გინდათ ასწავლოთ და ვადაზე ადრე „გაუნათოთ“ გონება ბავშვებს. პირველი ღილი გინდათ შეუბნიოთ არასწორად, დანარჩენი იცით თავისთავად წავა.

ნუ გვაიძულებთ, დამარტოხელებულებმა ნაცნობ ჭირთან ყოფნა ვირჩიოთ. გულში ლახვარი სჯობს უკანალში ლახვარს!

თქვენასვით დახვეწილად და დიპლომატიურად ვერ გწერთ და ასისინდებიან ეხლა ვისაც ღილები აუბნიეთ და პირში მარწყვის გემო დაუტოვეთ, ზოგს ენა არ მოეწონება, ზოგს სურათი, ზოგს კიდე რა“.

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში გამართული ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს სასტიკად სცემეს და სხეულის დაზიანებები მიაყენეს, დღეს გარდაცვლილი ნახეს. 5 იცვლისს აქცია თბილისი პრაიდის წინააღმდეგ, ლგბტქ+ თემის ე.წ. ღირსების მარშის ჩაშლის მიზნით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების "ალტ ინფოს", გურამ ფალავანდიშვილის და სხვების მიერ იყო ინიცირებული და ორგანიზებული. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]