weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რა კითხვებზე ითხოვს გამოძიება პასუხს ლექსო ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზისგან

23:23 კვირა, 11 ივლისი 2021
ფოტოზე - ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ფოტოზე - ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ლექსო ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზის პროცესში ტელეკომპანია „პირველის“ მოთხოვნით ჩაერთო, ამბობს, რომ ექსპერტიზა ორი მიმართულებით ტარდება:

  1. რა არის გარდაცვალების მიზეზი; რა დაზიანებები ჰქონდა მას; რა არის ამ დაზიანებების ხასიათი; არის თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაზიანებებსა და დამდგარ გარდაცვალებას შორის;
  2. არის თუ არა მიღებული ნარკოტიკული საშუალება, საძილე საშუალება ან ხომ არ იყო სხვა რაიმე ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედება;

„გვამის გამოკვლევამდე შევისწავლეთ პაციენტის სამედიცინო ბარათი. მას ჰქონდა საკმაოდ რთული ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში. ჩაუტარდა ოპერაცია, ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი. დადგენილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევა. ამ ეტაპზე, გვამის გამოკვლევის დროს, ვერ იქნა აღმოჩენილი თავის ტვინში სისხლჩაქცევა, რომელსაც შეიძლებოდა სიკვდილი გამოეწვია.

არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. ამას ჯერ ვერ ვამბობთ. აღებული იქნა ამავდროულად კანზე არსებული უბანი, რომელიც მიუთითებდა (არაკატეგორიულად შემიძლია ვთქვა) გარკვეულ ინექციის კვალზე. თუმცა ამ და სხვა მიმართულებით საბოლოო დასკვნების გამოტანა, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, კატეგორიულად ვერ ვისაუბრებთ“, - აღნიშნავს ალექსანდრე გეჯაძე.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს სასტიკად სცემეს და სახის ძვლები დაუმტვრიეს, დღეს, დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა. ლაშქარავას აქციაზე დაშავების შემდეგ თვალზე ოპერაცია დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლით კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაიწყო პაციენტის ისტორიის შესწავლა და საზოგადოებას შემოწმების შედეგებს უმოკლეს ვადაში გააცნობს. კომენტარი გააკეთა კლინიკის დირექტორმაც. მისი თქმით, ლექსო ლაშქარავა 8 ივლისს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა, გაწერის წინ კი, მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი ორჯერ გამართა. პირველ ბრიფინგზე შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ თქვა, რომ გამოძიების ფარგლებში პოლიცია სწავლობს გარდაცვალების წინა დღეს ლექსო ლაშქარავას გადაადგილებას. შსს-ს მაღალჩინოსანმა მიანიშნა, რომ 10 ივლისს, ლაშქარავა მეგობართან ერთად ორჯერ იმყოფებოდა ფონიჭალის დასახლებაში. „ფონიჭალის დასახლებაში იყვნენ ორჯერ ჩასულები, თუმცა ამაზე შეგნებულად არ გვინდა ხაზის გასმა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას არ დარჩეს წინმსწრები ვერსიების გაჟღერების შთაბეჭდილება შინაგან საქმეთა სამინისტროდან“. რამდენიმე წუთში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ჭელიძემ განაცხადა, რომ გამოძიება ზედოზირების ვერსიასაც განიხილავს

მეორე ბრიფინგზე ჭელიძემ თქვა, რომ ლაშქარავა საღამოს, სახლში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დაბრუნდა.

„ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი - ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 სთ-ზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს. 15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე. ფონიჭალიდან მომავალი ლაშქარავა ორთაჭალაში გაჩერდა და მოგვიანებით 19:41 საათზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში, საიდანაც გადაადგილდება „დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში“, - აღნიშნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა მედიასაშუალებების ორგანიზებით. ტელეკომპანიების ხელმძღვანელებმა ხელისუფლებას ვადა 12 ივლისის 12:00 საათამდე მისცეს, რომ გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, ხვალ, 18:00 საათზე განახლდება.

5 ივლისს თბილისში გამართულ ძალადობრივ აქციაზე მთელი დღის განმავლობაში თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, დევნიდნენ და ტექნიკას უმტვრევდნენ. დაზარალდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. პოლიციას იმ დღეს არავინ დაუკავებია, დაგვიანებით მხოლოდ მსხვერპლის განრიდებას ახდენდნენ მოძალადე ჯგუფებისგან. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]