weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქცია დღესაც გაიმართება

12:58 ორშაბათი, 12 ივლისი 2021
ევრონიუსის ფოტო 11 ივლისის აქციიდან ევრონიუსის ფოტო 11 ივლისის აქციიდან

ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქცია დღესაც გაიმართება. მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოუწოდა აქციაზე მისვლისკენ.

გვარამიას თქმით, მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ არა ულტიმატუმი, არამედ სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ წასულიყო გუნდი, ვინც პასუხისმგებელია თბილისში, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე და იმაზე, რაც მას მოჰყვა.

„ეს იყო ლექსო ლაშქარავას მკვლელობა. სამარცხვინო პრემიერმა ღარიბაშვილმა არა თუ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, არამედ ცინიკურად დასცინა საზოგადოებას. მეტიც, გააფართოვა ჯალათების რიგი თავის მთავრობაში და ცნობილი ჯალათი თეა წულუკიანი ვიცე-პრემიერად დანიშნა და გვითხრა, რომ ჩვენ ყველანი დღეიდან ვართ უკვე პირადი დარტყმის ქვეშ. მისი განცხადების შემდეგ აღარაფერი დარჩა გარდა ტელევიზიების დარბევისა , გარდა ორგანიზაცია სირცხვილიას პირადი დევნისა, რომელსაც დღეს ასევე დაუანონსა დევნა საქართველოს პრემიერმა.

ეს კაცი არის საფრთხე ამ ქვეყნისთვის, მისი მთავრობა მთელი შემადგენლობით უნდა გადადგეს. მე ვთხოვ ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს, 6 საათზე შემოგვიერთდნენ.

დღეს კვლავ ვიკრიბებით რუსთაველზე და ვფიქრობ, რომ აქ უნდა ვიდგეთ, ვიდრე ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მეტი გზა არ გაგვაჩნია“, – განაცხადა გვარამიამ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ხელმძღვანელმა ზუკა გუმბარიძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა გაიგოს, რომ თანამდებობიდან წასვლა მისთვისაც გადარჩენაა და ქვეყნისთვისაც.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ქვეყანას შეიყვანს ჩიხში. თუ მას ეს არ ესმის ჩვენ კვლავაც უნდა შევიკრიბოთ დღეს, 6 საათზე რუსთაველზე და გავაპროტეტსოთ ლექსოს სიკვდილი, ის ძალადობრივი მოვლენები, რაც ვითარდებოდა დედაქალაქში და გავაპროტესტოთ ასეთი უპასუხისმგებლო პრემიერის ყოლა, რომელიც ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს და მხოლოდ შობს ძალადობის ახალ ტალღას“, – აღნიშნა გუმბარიძემ.

„დღეს უფრო მეტი ადამიანი შევიკრიბებით და ერთად ვეტყვით ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მის მინისტრებთან ერთად წავიდეს სადაც მისი ადგილია“, – თქვა ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორმა ვატო წერეთელმა.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში სასტიკად სცემეს და სახის ძვლები დაუმტვრიეს, გუშინ, დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა. ლაშქარავას დაშავების შემდეგ თვალის არეში ოპერაცია დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის თქმით, ლექსო ლაშქარავა 8 ივლისს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა, გაწერის წინ კი მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, საღამოს, თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა მედიასაშუალებების ორგანიზებით. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, მთავრობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ, რისთვისაც ღარიბაშვილს ვადა დღეს 12:00 საათამდე მისცეს. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომამდე განცხადება გააკეთა და გუშინდელი საპროტესტო აცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგ წარუმატებელ შეთქმულებად შეაფასა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]