„თბილისი პრაიდის“ გუნდი მწუხარებას მწუხარებას გამოთქვამს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ ეს ტრაგედია მოჰყვა 5-6 ივლისს ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარ ორგანიზებულ ძალადობას, რაზეც პოასუხისმგებლობას „თბილისი პრაიდი“ მთავრობას, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს აკისრებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჰომოფობიურ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, რომელშიც მან 5 ივლისს მომხდარ შემზარავ ძალადობაზე პასუხისმგებლობა „თბილისი პრაიდსა“ და სამოქალაქო აქტივისტებს დააკისრა, რითაც კიდევ ერთხელ წაახალისა ჩვენზე ძალადობა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორი დაპირისპირებული მხარე, რომელზეც ღარიბაშვილმა ისაუბრა, არ არსებობს! როცა სახელმწიფო ტოლობის ნიშანს სვამს მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, ეს მისი დისფუნქციურობის მაჩვენებელია.
უმნიშვნელოვანესია, გვახსოვდეს, რომ ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა 5 ივლისს მომხდარი ძალადობა“, – აცხადებს „თბილისი პრაიდი“.
განცხადების ავტორების შეფასებით, ღარიბაშვილს უკიდურესად პრიმიტიულად ესმის დემოკრატიის იდეა, რის გამოც მას განუმარტავენ, რომ დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, რომელშიც დაცული და გარანტირებულია უმცირესობის უფლებები, განურჩევლად მათი რასის, ეთნოსის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.
„5-6 ივლისს მთელმა მსოფლიომ იხილა ის ჰომოფობიური გარემო, რომელიც ქვიარ ადამიანებისთვის ყოველდღიურობაა. სწორედ ქვიარ ადამიანების მოუთოკავი სიძულვილი, წახალისებული და ინსტრუმენტალიზებული ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ, ამოძრავებდათ ადამიანებს, რომლებიც ღირსების მარშის ორგანიზატორებს მთელი დღის განმავლობაში დაგვდევდნენ ქუჩებსა და ოფისებში, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და არბევდნენ „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისებს.
მათი მთავარი სამიზნე სწორედ „თბილისი პრაიდი“ და თანასწორობისთვის ბრძოლაში ჩვენი პარტნიორი მოძრაობები იყვნენ. უმნიშვნელოვანესია, ამ მძლავრ სამოქალაქო ბრძოლაში არ გაქრეს ქვიარ თემის ადგილი, ჩვენი ბრძოლა ღირსეული ცხოვრებისთვის და მკაფიოდ მოინიშნოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ჰომოფობია“, – აღნიშნავს „თბილისი პრაიდი“.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ „ღირსების მარშის“ გამართვას მოსახლეობის 95% ეწინააღმდეგება და ამას ყველა უნდა დავემორჩილოთ. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, უმრავლესობის ბედს ყოველთვის უმცირესობა წყვეტდა და ეს ასე აღარ იქნება. მთავრობის მეთაური ამ განცხადების გამო სახალხო დამცველმაც გააკრიტიკა. ნინო ლომჯარიას შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის დიქტატურა გამოაცხადა, რასაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან.