weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შუალედური დასკვნით, დაღუპვის მიზეზი შესაძლოა ზედოზირება იყოს - შსს ლაშქარავაზე

22:01 სამშაბათი, 13 ივლისი 2021
ფოტოზე - მამუკა ჭელიძე ფოტოზე - მამუკა ჭელიძე

„ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკარაბინოლი, გაბაპენტინი და მონოაცეტინმორფინი. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება. აქვე აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული დასკვნა არის შუალედური“, - განაცხადა დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს. გამოკითხულია 110 პირი, დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა, გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი.

სამინისტრომ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტი დეტალურად გაასაჯაროვა. ჭელიძის განმარტებით, მარშრუტი შედგენილია კერძო ობიექტებისა და 112-ის ზოგადი ხედის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად და დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.

„ალექსანდრე ლაშქარავა 15:28 წუთზე ფიქსირდება მისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე იოსელიანის ქუჩაზე, სადაც მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ მეგობართან ერთად, ბახტრიონის ქუჩაზე, 15:31 საათზე შედის ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც ყიდულობს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და ერთდჯერადი გამოყენების შპრიცებს. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. შემდეგ მეგობართან ერთად მიემართება ფონიჭალის დასახლებაში, ცურტაველის ქუჩის მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 საათზე. მეგობართან ერთად ფონიჭალაში ორჯერ ჩადის. მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით და მეგობართან ერთად ბრუნდება ორთაჭალისკენ, სადაც ფიქსირდება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე და ყიდულობს გარკეულ პროდუქტებს. აღნიშნულის შემდეგ, კვლავ მეგობართან ერთად ბრუნდებიან ფონიჭალის დასახლებაში და ჩადიან ცურტაველის ქუჩაზე 19:41 საათზე, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით შეიძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნული მისამართიდან ბრუნდებიან ორთაჭალაში, გორგასლის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

ჩვენებების მიხედვით, ალექსანდრე ლაშქარავა მიღებული ნარკოტიკების გამო გამო ხდება ცუდად და მისი მეგობარი ცდილობს დახმარებას. გარდა პირველი მცდელობისა, როდესაც ის თვითონ ცდილობს მოასულიეროს მეგობარი, ვერ ახერხებს ამას და მიმართავს იქვე არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ასახულია ვიდეო-მასალაზე, სადაც მისი მეგობარი ითხოვს პრეპარატ ნარკანს, რადგან მისი მეგობარი გამოიყვანოს ნარკოტიკების ზედოზირებისგან, რაც ასევე ასახულია და ვიდეოკადრებში ისმის ხმა.

ის ვერ ახერხებს სამედიცინო დაწესებულებაში ლაშქარავას მიყვანას და თავად ბრუნდება მასთან, სადაც ცდილობს დაეხმაროს ზედოზირების გამო მის მეგობარს, რასაც ახერხებს, როგორც ჩვენებებით იკვეთება და მოჰყავს გონებაზე და ერთად, მოპედის საშუალებით 23:16 საათზე ბრუნდებიან „დედაენის ბაღში“, სადაც კიდევ ერთხელ ცუდად ხდება მისი მეგობარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება საცხოვრებელ სახლში - 00:10 წუთზე ჩანს გარე კამერებში როგორ ადის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით დილის 6:00 საათზე ოჯახის წევრები აკეთებენ შეტყობინებას სასწრაფოში. სასწრაფოს მისვლის დროს, სამწუხაროდ, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი ხვდებათ, რის შემდეგაც იძახებენ პოლიციას“,- განაცახდა მამუკა ჭელიძემ.

გარდაცვლილის მეგობრები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებას არ ენდობიან და უწყებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაცია და მისი ოჯახის წევრებისთვის კიდევ უფრო მეტი ტკივილის მიყენება. 

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. რამდენიმე დღე ის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. კლინიკიდან 8 ივლისს გაწერეს. „ნიუჰოსპიტალსის“ დირექტორი აცხადებს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ის მკურნალობას ბინაზე აგრძელებდა.

ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში, საწოლში გარდაცვლილი 11 ივლისს, დილით დედამ ნახა. ცხედარი პოლიციელებმა ექსპერტიზის ცენტრში მშობლების ნებართვის გარეშე გადაიტანეს. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში, ტელეკომპანიის დაკვეთით ჩართულმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ გუშინ განაცხადა, რომ სამედიცინო ისტორიის მიხედვით, საავადმყოფოში ყოფნისას ლაშქარავას ძლიერი ტკივილების გასაყუჩებლად მორფინს უკეთებდნენ.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების ორგანიზებით თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები პრემიერის, მთავრობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომას ითხოვენ.

5 ივლისს თბილისში გამართულ ძალადობრივ აქციაზე მთელი დღის განმავლობაში თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, დევნიდნენ და ტექნიკას უმტვრევდნენ. დაზარალდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი.

პოლიციას იმ დღეს არავინ დაუკავებია, დაგვიანებით მხოლოდ მსხვერპლის განრიდებას ახდენდნენ მოძალადე ჯგუფებისგან.

შსს-მ დღეს განმარტა, რომ ლექსო ლაშქარავას მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირია დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]