„კარგად ვარ. ხელი მომტეხეს, უბრალოდ. არანაირი ხელწერილი არ დამიწერია. 2 საათი ახლობელთან ზარს ვითხოვდი და შენ ტელეფონს ვერ ვპოულობთო. მერე ტელეფონიც იპოვეს და, ალბათ, იმ რაღაც ფურცელს თავად მოაწერეს ხელი“, – წერს ირაკლი აბსანძე სოციალურ ქსელში.
ირაკლი აბსანძე წუხელ დააკავეს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართებოდა.
„ჟურნალისტი რომ ხართ, რა ვიცით? ნასვამი ბრძანდებით და თან ძაღლით ხართ. თქვენ პროფესიულ საქმიანობას არ ახორციელებთ. ამიტომ დატოვეთ ტერიტორია“, – მიმართეს პოლიციელებმა აბსანძეს.
პოლიციას აბსანძე გაჰყავდა, რა დროსაც მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ დრომდე უცნობია, რა საფუძვლით მოხდა ჟურნალისტის დაკავება. ირაკლი აბსანძის მიერ წვრილმანი ხულიგნობა ან პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ვიდეოკადრებში არ ჩანს, ამის მიუხედავად ის მაინც დააკავეს და დაკავების პროცესში დამამცირებლად ეპყრობოდნენ.
კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ირაკლი აბსანძის დაკავება მედიის დაშინების მცდელობად შეაფასა და ხაზი გაუსვა იმას, რომ აბსანძე, ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა. შსს-ს განმარტებით, „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.