weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თქვე მოძალადეებო, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე – მეუფე ანტონი ჟურნალისტებს

15:46 სამშაბათი, 13 ივლისი 2021

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მკვლელობაზე პასუხისმგებელი ჟურნალისტები არიან. მეუფე ანტონმა მედიის წარმომადგენლებს ეს დღეს, სვეტიცხოვლის ტაძართან უთხრა. მან ასევე თქვა, რომ ჟურნალისტები უმრავლესობაზე ძალადობენ“ და უმრავლესობას ღირსებას ულახავენ.

„პრაიდი იყო გამოცხადებული პირველ საათზე, ჩვენ გვქონდა ლოცვა ხუთ საათზე გამოცხადებული. საიდან იყო მოწოდება? თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ, გვიწევს მოწოდება ხალხისა, იმიტომ, რომ ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო. თითოეული თქვენგანი უწევთ პროპაგანდას. თქვენ გარდააცვალეთ [ლექსო ლაშქარავა], თქვენზეა მაგ პასუხისმგებლობა. იცით, რუსთაველზე რომ გამოვიდეს, შეეხებით ხალხს...

ხალხის სიმებს ეხებით, იცით და წირავთ. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე. რატომ აკეთებთ ამას? რატომ გვილახავთ ღირსებას უმრავლესობას? ვინაა მოძალადეები? უმრავლესობაზე ძალადობთ, თქვე მოძალადეებო. აქეთ თქვენს სახელს ჩვენ ნუ გვარქმევთ, თქვენ ხართ ეგი, გამიგე?“, – უთხრა ჟურნალისტებს მეუფე ანტონმა.

ჟურნალისტმა მიტროპოლიტს ჰკითხა, მედიის წარმომადგენლებმა ცემა თუ დაიმსახურეს, რაზეც მან უპასუხა: „დაიმსახურეთ, იმიტომ, რომ... თქვენ მოგწონთ, რომ ძალადობთ ჩვენზე? ნუ ატრიალებთ ტექნიკურად“.

ამ თემაზე: როდესაც 95% მარშის წინააღმდეგია, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ – ღარიბაშვილი

საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. საპატრიარქომ მრევლს ქაშუეთის ტაძართან შეკრებისკენ ჯერ 17:00 საათისთვის მოუწოდა, რათა პარაკლისი გადაეხადათ, ხოლო მოგვიანებით, „მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილის გამო“, პარაკლისის გადახდა 13:00 საათზეც დააანონსა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის Facebook-გვერდზე ამის შესახებ გამოქვეყნებული პოსტები დღესაც იძებნება.

მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს საჯაროდ მოუწოდა ძალადობისკენ: „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვისს“.

ძალადობრივი აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ერთ-ერთი მათგანი, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე აფხაზავა, რომელსაც ფიზიკურად მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 30-მდე ადამიანი გაუსწორდა, 11 ივლისს, დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ორგანიზებით, თბილისში პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ნაწილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს, სხვადასხვა მედიასაშუალების 53 თანამშრომლის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები. პროკურატურის დღევანდელი განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 21 პირს წარედგინა. დაზარალებულად ცნობილია 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]