weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

4 ტელეკომპანია მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს

09:39 ოთხშაბათი, 14 ივლისი 2021

პროტესტის ნიშნად, ოთხი ტელეკომპანია მთავარი არხი, ფორმულა, კავკასია და ტვ პირველი მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს. ამ დროისათვის მაყურებელს ტელეეკრანებზე 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების ჩამონათვლის ნახვა შეუძლია.

მედიასაშუალებების წარმომადგენლების პროტესტი 5 ივლისს, მოძალადეების მიერ ნაცემი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა. ისინი ითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯოს ყველა, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ იძალადა.

36 წლის ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. მანამდე, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს, ჰომოფობიურად განწობილმა ჯგუფმა მას სასტიკად სცემა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში. ოპერატორს, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, სახის ძვლები დაუმტვრიეს, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება ამბობს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.

ოჯახის წევრებს შსს-ს ვერსიის არ სჯერათ. მათი თქმით, ლექსოს ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ მორფინი აღმოეჩინათ, რომელსაც ძლიერი ტკივილების გამო „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკეთებდნენ. გამოძიებას არ ენდობა არც ტელეკომპანია „პირველი“. ამ და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა მედიასაშუალებების ხელმძღვანელები ჟურნალისტებზე ძალადობისთვის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.

ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირია დაკავებული. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ იძალადეს. ამ ეტაპზე დაზარალებულად ცნობილია მედიასაშუალებების 30 წარმომადგენელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]