weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი – ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებული

11:00 ოთხშაბათი, 14 ივლისი 2021

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული დავით კუტალაძე ამბობს, რომ მოძალადე არ არის. ამის შესახებ მან განაცხადა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

29 წლის დავით კუტალაძის თქმით, ის ქუთაისიდან არის, ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი.

„ვერავინ იტყვის, რომ მე მოძალადე ვარ. მე 5-ჯერ მაქვს ევროპის საზღვარი გადაკვეთილი. 29 წლის მანძილზე საქართველოში და ევროპაშიც მაჩვენეთ წვრილმანი ხულიგნობაც თუ ჩამიდენია. მათ სურთ ჩემგან მოძალადე შექმნან, რადგან შეეხნენ ჩვენს ძვირფასს, მე ვზრუნავ ჩემი მომავლისთვის, მე სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი თაობისთვის.

მე შეიძლება საკმარისი განათლება არ მქონდეს, ღარიბ ოჯახში გავიზარდე და ადვოკატის აყვანის საშუალებაც არ მქონდა, მაგრამ მე მართალი, ქართველი ვაჟკაცი ვარ, ვინც მომავალზე ზრუნავს. იმ ფერადი დროშის უკან სატანა დგას, მათ არ გააჩნიათ მორალი, მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი, რომელიც კავკასიის გულში არასდროს მოგცემთ უფლებას ასეთი მარში ჩატარდეს“, – განაცხადა კუტალაძემ.

ბრალდებულმა არც ლექსო ლაშქარავას ცემა აღიარა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ მასალები არ არსებობს. მისი თქმით, ის მართალია და ამიტომ არსად გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ „ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა შესთავაზეს“.

„ჟურნალისტებმა დამაბრალეს იმ ადამიანის ხელყოფა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ვინც გარდაიცვალა. განცხადება დადეს, რომ ადამიანს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული, ტვინის შეშუპება მიღებული, შემდეგ ვნახეთ ვიდეო, ადამიანი შოუში გამოდის და ნახევარი საათი საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ მას არაფერი არ ჭირს და რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, 6 დღის მერე იდება ვიდეოები, რომ ადამიანი აფთიაქში შედის, მერე არაფხიზელ მდგომარეობაში ბრუნდება.

მე მაშინ მივხვდი სწორ გზაზე რომ ვიდექი, ყველამ შემომიტია, მედიამ, ტელევიზიამ, ჟურნალისტებმა. ყველა ჩემი ნაბიჯი ხალხს გააცნეს, როგორც მოძალადე. მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ყოველთვის იამაყებს რომ ქართველია“, – განაცხადა კუტალაძემ.

პროკურატურის მტკიცებით, დავით კუტალაძე 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობდა. ის და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას. კერძოდ, პროკურატურის თანახმად, ბრალდებულები ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის ხუთი პირია დაკავებული.

36 წლის ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. გარდაცვალების უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება მიუთითებს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]