„ფაიზერით“ აცრა 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
პირველ ეტაპზე ამ ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში. ესენია: თბილისი – ამტელ ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო), ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი; ბათუმი – ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო; ქუთაისი – დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი; გორი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება. აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონული პორტალის – https://booking.moh.gov.ge მეშვეობით.
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „ფაიზერთან“ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს. ამასთან, უწყებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია, „ფაიზერის“ რამდენი დოზა მიიღო ქვეყანამ ამ ეტაპზე.