„ყველაზე ადეკვატური და ყველაზე ნორმალური, მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივიც, იქნებოდა ის, რომ ვახტანგ გომელაური მოვიდეს და გვითხრას, რომ მან თანამდებობა დატოვა; თუ მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ მისი უწყება 5 ივლისს ვერ ასრულებდა მოვალეობას, ვერ დაიცვა ადამიანები, მოქალქეები, მედიის წარმომადგენლები“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
„ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მათ აინტერესებთ რამდენად იყო შესძლებელი 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და აგრესიის პროგნოზირება.
„დავინტერესდებით საკითხების ორი ძირითადი ბლოკით. პირველი ეს არის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები. ეს იმისთვის, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს იმის თაობაზე, თუ რამდენად შეიძლება ყოფილიყო პროგნოზირებადი ის არანორმალური მოვლენები, რომელიც ვიხილეთ 5 ივლისს და გულისხმობდა ჟურნალისტების მიმართ აგრესიას და ძალადობას, რაც, ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ არის ლოგიკურად თანმიმდევრული ქმედებები. რაც შეეხება მეორე ბლოკს, ეს, რასაკვირველია, დაუკავშირდება უკვე სამართლებრივ შეფასებას“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ იძალადეს. ერთ-ერთი მათგანი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს, ჰომოფობიურად განწობილმა ჯგუფმა ლაშქარავას სასტიკად სცემა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში. ოპერატორს, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, სახის ძვლები დაუმტვრიეს, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება მიუთითებს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.
ოპოზიციონერი დეპუტატები ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას 5 ივლისამდე ითხოვდნენ, რათა გაეგოთ, როგორ აპირებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პარაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუმცა მაშინ მინისტრი პარლამენტში არ მივიდა.