„ყველა ის ადამიანი, რომელიც დაზარალებული იყო 5 ივლისს ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ იყო. ჩვენ დამატებით კიდევ შევისწავლეთ რეგულირების სააგენტოს მხრიდან უკვე კლინიკაში მიმდინარე პროცესები და აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კლინიკის მხრიდან პაციენტი იყო სწორად ნამართი. მას ჩაუტარდა როგორც შესვლისთანვე კომპიუტერული ტომოგრაფია და დადგინდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე გაეწია შესაბამისი მკურნალობა სამი დღის მანძილზე.
როდესაც მას განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, მიღებული იქნა გადაწყვეტიოლება, რომ პაციენტს შეეძლო მკურნალობის გაგრძელება ბინაზე.
მას 12 ივლისს ჰქონდა განმეორებითი კონტროლი მკურნალ ექიმთან და სამწუხაროდ, ვიცით, რომ 12 ივლისს ის ექიმთან აღარ მისულა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში.
ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. მანამდე, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს, ჰომოფობიურად განწობილმა ჯგუფმა მას სასტიკად სცემა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში. ოპერატორს, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, სახის ძვლები დაუმტვრიეს, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა.
ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება ამბობს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.
ოჯახის წევრებს შსს-ს ვერსიის არ სჯერათ. მათი თქმით, ლექსოს ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ მორფინი აღმოეჩინათ, რომელსაც ძლიერი ტკივილების გამო „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკეთებდნენ. გამოძიებას არ ენდობა არც ტელეკომპანია „პირველი“. ამ და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა მედიასაშუალებების ხელმძღვანელები ჟურნალისტებზე ძალადობისთვის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.
ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირია დაკავებული. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.
5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ იძალადეს. ამ ეტაპზე დაზარალებულად ცნობილია მედიასაშუალებების 30 წარმომადგენელი.